ახალი ამბები

უსუფაშვილი: ძველ სამეურვეო საბჭოს ჩვენ მომავალში ვერ ვანდობთ ტელევიზიის მართვას

1 მაისი, 2014 • • 936
უსუფაშვილი: ძველ სამეურვეო საბჭოს ჩვენ მომავალში ვერ ვანდობთ ტელევიზიის მართვას

“ჩვენ არ ვიზიარებთ, მაგრამ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ ცვლილებების პროექტი შედგენილია სწორედ იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი და, მეორე მხრივ, არ შეილახოს ის უფლებები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო ბრძანებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, რომელიც პარლამენტის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით უნდა გაუქმებულიყო და იგი უნდა ჩაენაცვლებინა ახალარჩეულ საბჭოს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ “შეძლო მისივე არჩეული გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ”. უსუფაშვილის განცხადებით, ეს “უკანონობა” სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული, რომელთა საფუძველზეც აღდგა თანამდებობაზე გადაყენებული გენერალური დირექტორი.

 

“ამიტომ, ბუნებრივია, რომ ასეთ სამეურვეო საბჭოს ჩვენ მომავალში ვერ ვანდობთ ტელევიზიის მართვას, რომელიც არის საბიუჯეტო დაწესებულება დაფინანსების კუთხით და გადამხდელების ფულიდან 35-40 მილიონამდე ლარს ხარჯავს წელიწადში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძველ საბჭოს შეუნარჩუნდა უფლებამოსილება, პარლამენტმა მოამზადა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიის მართვა გადადის ახალარჩეული საბჭოს ხელში. ხოლო რაც შეეხება საბჭოს ძველ წევრებს, უსუფაშვილის თქმით, “ისინი რჩებიან მართვის სისტემაში, მაგრამ მონიტორინგის ძლიერი ფუნქციით, რაც დღესაც არა აქვთ.”

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს საბჭო 1 იანვრიდან მოქმედებს, როგორც სარეკომენდაციო ორგანო, ასევე, აღნიშნული საბჭოს წევრებს შეუნარჩუნდებათ ოდნავ ნაკლები ხელფასი.

 

პარლამენტმა გუშინ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტი პლენარული სესიების რეჟიმში 16 მაისიდან 16 ივნისამდე აღარ იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი