ახალი ამბები

პარლამენტარების და “სოკარის” პრეზიდენტის შეხვედრა უხუცესებთან — დეპუტატის განმარტება

23 ოქტომბერი, 2018 • 2467
პარლამენტარების და “სოკარის” პრეზიდენტის შეხვედრა უხუცესებთან — დეპუტატის განმარტება

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ქვემო ქართლიდან 23 ოქტომბერს აზერბაიჯანის საელჩოსა და ნავთობკორპორაცია “სოკარის” წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ ქვემო ქართლის მოსახლეობის წარმომადგენლებს.

ინფორმაცია თავდაპირველად მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.

მათი ცნობით, გარდაბანის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი საელჩოსა და “სოკარის” წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ახსაკალებს, ანუ უხუცესებს შეხვდნენ.

“ნეტგაზეთს” ეს ინფორმაცია დეპუტატმა სავალან მირზოევმა დაუდასტურა. სატელეფონო საუბარში მირზოევმა გვითხრა, რომ საუბარი სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.

“ყველა რაიონიდან იყვნენ წარმომადგენლები. მსგავსი შეხვედრები ხშირად ტარდება. ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა სოკარის პრეზიდენტს [როვგან აბდულაევის], ამის ფარგლებში ჩამოვიდა მარნეულში, დაიგეგმა შეხვედრა, დიდი ხანი დავუთმეთ იმის განხილვას, რომ საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა უნდა ისწავლონ ქართული ენა და ა.შ”.

როგორც მირზოევმა გვითხრა, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი თამაზ ნავერიანი და გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი.

ნეტგაზეთს” სურდა მირზოევისთვის ეკითხა, ხომ არ ცდილობდნენ თანამდებობის პირები, სოკარის ან აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევით, მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის არჩევნებში მხარდაჭერა მოეპოვებინათ, როგორც ამას “ევროპული საქართველოს” წევრი ამბობდა, თუმცა მირზოევმა კითხვის დასმამდე გაგვცა პასუხი:

“ვიცი, თქვენ რატომ მეკითხებით. გულწრფელად გეუბნებით, იქ საარჩევნო საუბარი არ ყოფილა. არავინ არ ესწრებოდა პარტიული ხალხი, შტაბის წევრები, იქ ძირითადად ახსაკალები იყვნენ, რაიონებიდან 3-4 წარმომადგენელი, და ჩვეულებრივი ლაპარაკი იყო”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახსაკალები გარკვეულ სოციალურ კაპიტალს ფლობენ, რაც შესაძლოა “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად გამოიყენონ, მან გვიპასუხა:

“არ არიან ის ხალხი. ჩვენ ამ ახსაკალებს არ ვიყენებთ, ბოდიში ამ ჟარგონისთვის, არჩევნებისთვის. ის ხალხი არ არიან. ეს ხალხი არ არიან აგიტატორები და კოორდინატორები, სუფთა ახსაკალები არიან და ჩვენ მათ არ ვრთავთ ამ არჩევნებში. არჩევნებზე საკმაოდ ხალხი გყვავს, ვინც მუშაობს. ახსაკალები არ არიან ის ადამიანები, რომ იქ სოკარის ხელმძღვანელობას ან ჩვენ რამე გვეთქვა და მათ რამე აგიტაცია გასწიონ”.

მარნეულის სათემო რადიოს თანახმად, შეხვედრა გაიმართა სოკარის მიერ აშენებულ “ჩაის სახლის” შენობაში, აზერბაიჯანული სამზარეულოს რეტორან “მუღამში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი