ახალი ამბები

NCDC მოსახლეობას გრიპის აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

23 ოქტომბერი, 2018 • 8246
NCDC მოსახლეობას გრიპის აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ცენტრის თანამშრომლებმა დღეს, 23 ოქტომბერს, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გრიპის სეზონური აცრის გაკეთებისკენ.

როგორც მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება სეზონურ გრიპთან და გრიპის აცრასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ოქტომბრის ბოლო კვირა და შემდეგი დღეები არის საუკეთესო პერიოდი სეზონური გრიპის აცრის გასაკეთებლად. როგორც სერგეენკო აღნიშნავს, სეზონური გრიპის ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და ზოგ შემთხვევაში, ფატალური შედეგიც კი.

სწორედ ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო სახელმწიფომ საქართველოში აცრა შემოიტანა და ის უფასოდ არის ხელმისაწვდომი გარკვეული რისკჯგუფების მქონე პირთათვის, მათ შორის:

  1. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე პირები;
  2. დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელები;
  3. სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
  4. ც ჰეპატიტით ინფიცირებულები;
  5. აივ/შიდსით ინფიცირებულები;
  6. ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალი;

NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის ცენტრებში ამ კატეგორიის პირთათვის განკუთვნილი უფასო აცრა უკვე მიტანილია და მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართვა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ამბობს, საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენებით გაჯერებული უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვა სახის აცრების, მათ შორის გრიპის აცრებთან დაკავშირებით. როგორც იმნაძე აღნიშნავს, განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს, როდესაც საქმე ეხება ორსულების მიერ გრიპის აცრის გაკეთების საკითხს, რადგან არსებობს გარკვეული შიშები. იმნაძის თქმით, ეს შიშები უსაფუძვლოა.

“3 წლის წინ ჩემი შვილი ორსულად რომ იყო, მშობიარობამდე ერთი თვით ადრე ავცერი. მანამდე აცრა არ იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი. ახლა მეორე შვილი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში სტაჟიორია და ისიც ორსულად არის, ლუგარის ცენტრის სხვა თანამშრომლების მსგავსად, ისიც აიცრა. ასე რომ, ორსულებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გაიკეთონ გრიპის აცრა”, – თქვა პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ.

გარდა იმუნიზაციის ცენტრებისა, გრიპის აცრა ხელმისაწვდომია სხვადასხვა კლინიკაში და ის 30-დან 50 ლარამდე ღირს. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ რიკჯგუფში შემავალ პირებს, მათთვის აცრა უფასოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი