ახალი ამბები

ტუბცენტრმა აზერბაიჯანელ ტრანსგენდერ ქალს ჰოსპიტალიზებაზე უარი უთხრა

23 ოქტომბერი, 2018 • 1967
ტუბცენტრმა აზერბაიჯანელ ტრანსგენდერ ქალს ჰოსპიტალიზებაზე უარი უთხრა

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” წევრები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანიდან  დისკრიმინირებულ ტრანსგენდერ ქალს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ხელახალ მკურნალობაზე უარი უთხრა. მათი თქმით, კლინიკამ ქალს უარი იმის გამო უთხრა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არაა. კლინიკაში კი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ტრანსგენდერი ქალის ჰოსპიტალიზების აუცილებლობა არ არსებობდა.

რას ყვება “თანასწორობის მოძრაობა”

როგორც ნეტგაზეთთან თანასწორობის მოძრაობის სოციალური მუშაკი ირა სილანტევა განმარტავს, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც აზერბაიჯანიდან გამოიქცა, ტუბერკულოზითაა დავადებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. სოციალური მუშაკი განმარტავს, რომ ქალი ტუბცენტრმა რამდენიმე თვის წინ ჩასვა სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც 9 თვე იმკურნალა.

“შემდეგ მან გამოიტანა საბუთები, ვინაიდან უნდოდა აზერბაიჯანში დაბრუნება, მაგრამ იქ ვეღარ გააგრძელა ცხოვრება. მართალია, ცენტრში მკურნალობის შემდეგ მისი დაავადება აღარ იყო ბაცილაგამომყოფი [გადამდები], მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ [დაავადების] საკმაოდ რთული ფორმა გადაიტანა, ის  მაინც საჭიროებდა მკურნალობას”, – განმარტავს ირა სილანტევა.

სილანტევას თქმით, ექიმებმა მას უთხრეს, რომ სრულ მკურნალობას დაახლოებით 2 წელი სჭირდებოდა, თუმცა ქალმა გადაწყვიტა, რომ აზერბაინაჯში დაბრუნებულიყო და ამბულატორულად გაეგრძელებინა მკურნალობის კურსი.

“მაგრამ აზერბაიჯანში აღნიშნული სერვისი მოქალაქეებს არ მიეწოდებათ და  ის უკან დაბრუნდა. ამ ეტაპისთვის მას  უნდა თავშესაფრის მოთხოვნა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეომა მკვეთრად დაუმძიმდა”, – ამბობს სოციალური მუშაკი.

ნეტგაზეთთაან საუბარში ირა სილანტევა დასძენს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ის ისევ ცდილობდა ტუბცენტრში დაწოლას, სადაც ანალიზი გაუკეთეს და უთხრეს, რომ  ბაცილაგამომყოფი აღარ არის. რა შემთხვევაშიც ტუბცენტრში ჰოსპიტალიზება არ ხდება.

თუმცა, როგორც სოციალური მუშაკი გვიყვება, ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა მძიმეა და ეს სწორედ ტუბერკულიოზითაა გამოწვეული.  მაშინ, როდესაც ტუბცენტრი მის ჰოსპიტალიზებაზე უარს ამბობს, ყველა სხვა კლინიკა აცხადებს, რომ პაციენტი მათ პროფილს არ შესაბამება.

“როდესაც მძიმედ გახდა, დაახლოებით 6 დღის წინ, სასწრაფოს ექიმების ხვეწნა-მუდარის შემდეგ ის რეგიონალურმა ჰოსპიტალმა მიიღო. ეს ქალი არ არის მოქალაქე და უზრმაზარი ვალით გამოწერეს გუშინ. ამასთანავე, ამ ადამიანს ჰქონდა პნევმონია[ ფილტვების ანთება]. ჰოსპიტალმა გვითხრა, რომ  გაუკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და მეტს ვერაფერს იზამენ. და ისევ გვითხრეს, რომ აუცილებლად მივსულიყავით ტუბცენტრში”, – ამბობს “თანასწორობის მოძრაობის” ცენტრი.

გარდა ამისა, ირა სილანთევას მონაყოლით ვიგებთ, რომ ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა გუშინ, 22 ოქტომბერს, კიდევ უფრო დამძიმდა. ის ვეღარ გადაადგილდებოდა და სიცხემ აუწია. ორგანიზაციამ ის ტუბცენტრში კვლავ გადაიყვანა, თუმცა, როგორც სოცმუშაკი განმარტავს, საავადმყოფოში უთხრეს, რომ “თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო”.

გარდა ამისა, როგორც ირა სილანთევამ გვითხრა, გუშინ ტუბცენტრის თანამშრომლებმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიჩინეს.

“ჯერ დაიწყეს, გოგოა თუ ბიჭიაო, კითხვები. შემდეგ, ანალიზების დრო, როდესაც მისი მანიკური შეამჩინეს, დაიწყეს ჩახითხითებები. ბოლოს ექიმმა პაციენტი გაიყვანა გვერდზე და, როგორც თვითონ მიყვება, უთხრა, ეტყობა, შენ გეი კლუბში იყავი გასართობად წასული და მაგიტომ გახდი ახლა ცუდადო. ძალიან არასერიოზულად მიუდგნენ საკითხს, მაშინ, როცა მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო”, – ამბობს ის.

ამასთანავე, “თანასწორობის მოძრაობის” თქმით, ტრანსგენდერი ქალის გუშინდელი ვიზიტისას ტუბცენტრმა მას სპეციალური ანალიზი ტუბერკულიოზზე არ აუღო და განმარტა, რომ რაკიღა ანალიზი 1 კვირის წინ აუღეს, მისი პასუხი ამ დრომდე ვალიდურია.

“პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი დაახლოებით 1 თვეა აღარ მკურნალობს, შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ მისი დაავადება კვლავ გახდება გადამდები. მე თავად გადავამოწმე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, სადაც მითხრეს, რომ თუ ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, ცენტრს არ აქვს უფლება, გამოაგდონ. მე მათ ვეკითხებოდი, ნამდვილად იცით, რომ მისი დაავადება ბაცილაგამომყოფი აღარაა? ისინი კი მპასუხობდნენ, რომ 1 კვირის წინ გაკეთებული ანალიზი ვალიდურია.

ამასთანავე, საუბრის ბოლოს მათ გამოიძახეს დაცვა. თუმცა, როდესაც დაინახეს, რომ მე ტელეფონი ამოვიღე და გადაღება დავიწყე, თავადაც დაწყნარდნენ”, – განმარტავს ირა სილანთევა.

კლინიკის განმარტება

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა ავალიანი დისკრიმინაციისა და პერსონალის გულგრილობის ბრალდებებს უარყოფს. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, ხოლო ტრანსგენდერ ქალს უარი ჰოსპიტალიზაციაზე იმიტომ უთხრეს, რომ მას გადამდები დაავადება არ ჰქონდა და ექვემდებარებოდა ამბულატორიულ მკურნალობას.

როგორც ზაზა ავალიანი აცხადებს, ქალი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ბენეფიციარი ერთხელ უვკე იყო. მას ჩაუტარდა შესაბამისი კურსი. კურსის შემდეგ დაავადება ბაცილის არაგამომყოფ ანუ არაგადამდებ ფორმამდე დავიდა.

ბრალდებებზე პასუხისას ზაზა ავალიანი ამბობს, რომ თავად პაციენტი სხვა პაციენტების და თანამშრომლების მიმართ აგრესიული იყო, რაც მკურნალობას ხელს უშლიდა.

“ეს პაციენტი გახლავთ ტუბერკულოზის წამალმდგრადი. ე.წ. რეზისტენტული ფორმითაა დაავადებული და ის საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, ოღონდ იმ რეჟიმსა და იმ ფარგლებში, რასაც  პაციენტი დაემორჩილება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პაციენტი თვითონ არღვევდა მკრუნალობის მიმდინარეობას, რაც მისი დაავადების ისტორიაში წერია. პაციენტი არ იყო მობილიზებული და მონდომებული, რომ მკურნალობის პროცესი მიეყვანა ბოლომდე”, – ამბობს ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, გარდა ტუბერკულოზისა, ქალს  სხვა დაავადებებიც აქვს, რომლებიც მკურნალობის არათანმიმდევრობასთან ერთად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს.

“როდესაც მან დაახლოებით 1 კვირის წინ კიდევ ერთხელ მიმართა  ცენტრს განმეორებითი მკურნალობის თაობაზე, ეს პაციენტი გამოვიკვლიეთ და ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ მას  არაგადამდგები ფორმით დაავადებული პაციენტის სტატუსი აქვს და, რასაკვრიველია, მას უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე”, – ყვება ზაზა ავალიანი.

მისივე სიტყვებით, ანალიზი ერთი კვირის განმავლობაში აბსოლუტურად ვალიდურია, ვინაიდან მდგომარეობა ასე დრამატულად მოკლე პერიოდში არ იცვლება. ამასთანავე, “ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ასე ხშირად არ ხდება”.

მართალია, დირექტორი ამბობს, რომ ქალს ტუბერკულოზის არაგადამდები ფორმა აქვს, ის დასძენს, რომ მაინც მძიმე პაციენტია.

“მაგრამ პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე საკითხის გადაწყვეტა, რომ ის ძალისმიერი მეთოდებით იყოს მოთავსებული კლინიკაში და თან, კლინიკის თანამშრომლების დისკრედიტაციის ფონზე, ეს უკვე კლინიკის პერსონალის უფლებების დარღვევაა… და ჩვენ აღვძრავთ შესაბამისად საქმეს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ”, – ამბობს ის.

ამასთანავე, ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ტუბეკულოზის ეროვნული პროგრამა, რომლის ბენეფიციარები დახმარებას უფასოდ იღებენ, უპირველეს ყოვლისა მორგებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მისი სიტყვებით, პროგრამა დამოკიდებულია რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა მიერ მიწოდებული რესურსი ლიმიტირებულია და გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორც ავალიანი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმეა და დაავადება – გადამდები, ცენტრი მაინც იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა 1 წელიწადში ორჯერ ვერ აცხადებს ძვირადღირებული პროგრამის ბენეფიციარებად. ამასთანავე, ის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ტრანსგენდერ ქალს თან ახლდნენ, მკურნალობის პროცესში კლინიკასთან კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.

“ეს არ იყო მომაკვდავი პაციენტი, ეს არ იყო საზოგადოებისთვის საშიში პაციენტი გადადების რისკით და მიმართული იქნა ის თავის ქვეყანაში, რომ გაეგრძელებინა მკურნალობა. თუ ის თავშესაფარს მოითხოვს, თუ ის რეზიდენტად ყოფნის უფლებას მიიღებს და სხვა მსგავსი პროცედურები ჩატარდება, რასაკვირველია, მას ასევე მიეწოდება სერვისები.

ოღონდ ერთი პირობით, ის უნდა იყოს მონაწილე ამ პროცესის. როდესაც ხდება სამკურნალო პროცესის ჩაშლა თუ დარღევა, ეს არ არის სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში, პაციენტი აგებს პასუხს”, – ამბობს ავალიანი.

რაც შეეხება ტრანსგენდერი ქალის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის ახლა ერთ-ერთ ჰოსტელში ცხოვრობს და მას “თანასწორობის მოძრაობა” მედიკამენტებით ამარაგებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ცოტა ხანში კვლავ ტუბერკულოზის ცენტრს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი