პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ მმართველი პარტია სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახდენს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს და ამ გზით ცდილობენ არჩევნების გაყალბებას.
ამის დასადასტურებლად პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა აუდიოჩანაწერები წარადგინეს. ჩანაწერის ავტორი, ოპოზიციის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა და ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, საპასუხოდ კი თანხმობას იღებს.
“ძალა ერთობაშიას” ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებენ სატრანსპორტო სამსახურში:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის
ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო სამსახური მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი, რადგან მათი თქმით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა.