ახალი ამბები

GPB-ში მონიტორინგის საბჭოს შექმნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

30 აპრილი, 2014 • • 1138
GPB-ში მონიტორინგის საბჭოს შექმნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილებით სამართლებრივი ვაკუუმი წარმოიქმნა, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერუვეო საბჭო ვერ ფუნქციონირებს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა, ამ ვაკუუმის აღმოფხვრაა.

 

საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედება ისე, რომ მას აღარ მოყვება სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წევრების საჯარო სამსახურიდან, როგორც ამას მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო, გათავისუფლება. ეს პირები რჩებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში, როგორც ამ სისტემაში შექმნილი დროებითი ორგანოს – მონიტორინგის საბჭოს წევრები და აგრძელებენ იმ სარეკომენდაციო ფუნქციების განხორციელებას, რასაც ისინი კანონის საფუძველზე ასრულებდნენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. ამასთანავე, ცვლილებებით ფართოვდება მათი კომპეტენცია, სარეკომენდაციო ფუნქციას ემატება საზედამხედველო-სამონიტორინგო ფუნქცია და დგინდება ამ ფუნქციების განხორციელების კონკრეტული მექანიზმები. 

 

მონიტორინგის საბჭოს წევრებს, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ეწურებათ 2015 წლის განმავლობაში, მონიტორინგის საბჭოს წევრობის უფლებამოსილება უწყდებათ 2016 წლის 1 იანვარს. ხოლო ვისაც 2017 წლის განმავლობაში ეწურებოდათ, მათ მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 1 იანვარს უწყდებათ. აღნიშნული დროებითი საბჭოს წევრის ყოველთვიური ჰონორარი სამეურვეო საბჭოს წევრის ჰონორარის 80% იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი