“აუცილებლად სამღვდელოება, დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა წმინდა სინოდის წინაშე ვფიქრობთ, რომ დავაყენებთ ამ [ანათემის] საკითხს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს მოაწერს გარყვნილების დაკანონებას საქართველოში”, – განაცხადა აქციაზე მისულმა სასულიერო პირმა დავით ისაკაძემ.

“იმედია, შევჯერდებით, და თუ ვერ შევჯერდებით, ისევ გავაპროტესტებთ იმას, რომ დაკანონდეს საქართველოში გარყვნილება”, – აღნიშნა მან.

 

აქციაზე მისულმა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა განმარტა, რომ შეჯერებაში მხოლოდ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება იგულისხმება, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა ისედაც გარანტირებულია კნონმდებლობით და დამატებითი ნორმების მიღება საჭირო არ არის.

 

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში  “სხვა დაპირებებით შემოიპარა და სხვა ღონისძიებებს ახორციელებს”, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არავინ მისცემდა.

დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე 26 აპრილს სპორტის სასახლეში, კოალიცია “ქართული ოცნების” ყრილობაზე იმყოფებოდა, სადაც

ელიზბარ დიაკონიძე
ელიზბარ დიაკონიძე ‘ქართული ოცნების’ ყრილობაზე

მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას წარდგენა მოხდა, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარში ელიზბარ დიაკონიძე აცხადებს, რომ ყრილობას არა მხარდამჭერის, არამედ დაინტერესებული მოქალაქის სტატუსით ესწრებოდა:

“მე სპორტის სასახლეში მივედი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას[დავით ნარმანიას] მხარს ვუჭერ. მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ და მე ამდენი იაფფასიან ლიტერატურაზე აღზრდილი თვითკმაყოფილი ტუტუცი არ მინახავს”, – აცხადებს დიაკვანი ელიზბარი.

“109 დეპუტატმა ამ კანონს როგორ დაუჭირა მხარი, ცალსახად ვგმობ, ხმლით ხელში ვგმობ”, – აღნიშნა ელიზბარ დიაკონიძემ.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები. აქციაზე მივიდა ვლადიმერ ბედუკაძეც, მან ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა აქციის მონაწილეების მხრიდან მის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. ისინი ბედუკაძეს მოუწოდებდნენ, კომენტარის გაკეთებისგან და სიტუაციის პოლიტიზებისგან თავი შეეკავებინა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა:

“ერთმნიშვნელოვნად ვუერთდები ამ აქციას, ყოვლად წინააღმდეგი ვარ ამ კანონპროექტის მიღების პარლამენტის მიერ”, – განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.

აქციის მონაწილეები დაახლოებით 14:00 საათზე დაიშალნენ. მათი განცხადებით, სანამ კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში იქნება, ისინი აქციებს გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტის განხილვა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, აღარ შედგება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განიხილავს.

გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას. ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *