ახალი ამბები

“იავნანა” 25 ოქტომბერს ახალ სიცოცხლეს იწყებს, სცენაზე ანიტა რაჭველიშვილი იდგება – ბურჭულაძე

19 ოქტომბერი, 2018 • 2580
“იავნანა” 25 ოქტომბერს ახალ სიცოცხლეს იწყებს, სცენაზე ანიტა რაჭველიშვილი იდგება – ბურჭულაძე

“იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება. როგორც ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის მიზეზი მათ მიერ 25 ოქტომბერს დაგეგმილი გალა-კონცერტია, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, უცნობი ადამიანები ფონდის ბენეფიციარებთან მიდიან და მათ ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ბურჭულაძის თქმით, ეს ადამიანები ფონდის წარმომადგენლები არ არიან. ბურჭულაძეს არ დაუკონკრეტებია, რის შესახებ საუბრობენ ისინი ფონდის ბენეფიცირებთან.

“25 ოქტომბრიდან ფონდი იავნანა ახალ სიცოცხლეს დაიწყებს”, – თქვა ბურჭულაძემ და გალა-კონცერტი დააანონსა ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით.

მან პროკურატურას დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, ხოლო მთავრობას იმ ადამიანების დახმარებისაკენ, რომლებიც ფონდის ბენეფიცირები არიან, მაგრამ მიმდინარე გამოძიების გამო “იავნანა” მათ დახმარებას ვეღარ აგრძელებს. ბურჭულაძის განმარტებით, საუბარია სოციალურ დაუცველებსა და სტუდენტებზე, რომელთა სწავლის გადასახადს ფონდი იხდიდა.

იავნანას საქმე – მოკლედ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 2017 wlis 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ ვიდეოპორტალმა POSTV-მ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ფილმი მომზადებულია POSTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძეა, აღმასრულებელი დირექტორი – ლაშა ნაცვლიშვილი, პროდიუსერი კი – შალვა რამიშვილი.

ფილმში პაატა ბურჭულაძისა და ფონდის წარმომადგენელთა მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი. ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ფონდის შემოსავლებს ხელმძღვანელი პირები მალავდნენ, განზრახ ქირაობდნენ ისეთ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც სრულად არ აღწერდნენ “იავნანას” შემოსავლებს. ფილმში აღნიშნულია, რომ აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით ფონდმა იავნანამ 5 წლის განმავლობაში 9 მლნ 500 ათასი ლარი შეაგროვა და ქველმოქმედებისთვის მხოლოდ მესამედი – 3 მლნ 260 ათასი ლარი დახარჯა.

“იავნანას” საპასუხო განცხადების მიხედვით, POSTV-iს ფილმი არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის, არამედ ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ფონდში განმარტავენ, რომ  ორგანიზაციის საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტორი სწავლობს, რომლის ანგარიშიც საგადასახადო უწყებას ყოველწლიურად ბარდება. თავად პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ იცოდა მის წინააღდეგ დაგეგმილი ანტიპიარკამპანიის შესახებ, თუმცა ვერ იფიქრებდა, რომ ეს მიზნად ისახავდა ფონდის განადგურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი