ახალი ამბები

„იავნანას“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროკურატურა სწავლობს

15 სექტემბერი, 2017 • 2133
„იავნანას“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროკურატურა სწავლობს

ბოლო დღეებში, ფონდ „იავნანასა“ და მისი ყოფილი დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატმა „რუსთავი2“-თან სატელეფონო ინტერვიუში უპასუხა. პაატა ბურჭულაძემ მიმდინარე მოვლენებს სიკეთესთან ბრძოლა უწოდა და აღნიშნა, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთაა.

„ვიცოდი, რომ კამპანია მზადებოდა, თუმცა ვერ ვიფიქრებდი, რომ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად. ქველომოქმედებისა და სიკეთის გათელვაა ეს ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოში. ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმის დამკვეთებს და შემსრულებლებს, თუმცა გზაზე კიდევ ბევრ რამეს გააფუჭებენ“, – თქვა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძისა და „იავნანას“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უკვე სწავლობს საქართველოს პროკურატურა. საგამოძიებო უწყებამ მოკვლევა „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიმართვის შემდეგ დაიწყო. უწყებაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.

„აფბას“ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ პროკურატურას მხოლოდ ფაქტების „დადასტურების ან უარყოფის“ მიზნით მიმართეს. მისი თქმით, ფილმში მოყვანილი გარემოებების გარდა, საეჭვოა “ავტორიტეტის არმქონე” აუდიტორული კომპანიის საქმიანობა, რომელიც ფონდის საქმიანობას სწავლობდა.

„საგამოძიებო ფილმში საკმაოდ მკაფიოდ არის ნახსენები ფონდის მიერ სახსრების არაგამჭვირვალედ ხარჯვა, პაატა ბურჭულაძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოწერილი მაღალი ხელფასები, საკუთარი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილება ფონდის სახსრებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვები, რომ ფონდში რეალურად არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნები და მივმართეთ პროკურატურას, რათა მისი მხრიდან დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას ის ეჭვები, რაც ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა“, – ამბობს გვიდიანი.

ბრალდებებსა და კრიტიკას გამოეხმაურა  ფონდი „იავნანაც“.ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  POSTV-ს ფილმი არა მხოლოდ ბურჭულაძის, არამედ ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტორი სწავლობს, რომლის ანგარიშიც საგადასახადო უწყებას ყოველწლიურად ბარდება.

საგამოძიებო ფილმი პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ ვიდეოპორტალმა POSTV-მ 12 სექტემბერს გაავრცელა, დღეს კი მასალის მეორე ნაწილიც გამოქვეყნდა. ფილმში ბურჭულაძისა და ფონდის წარმომადგენელთა მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი