ახალი ამბები

კახა კალაძე “ავტობუსის ფერზე მოქილიკეებს” პასუხობს

19 ოქტომბერი, 2018 • 3855
კახა კალაძე “ავტობუსის ფერზე მოქილიკეებს” პასუხობს

დედაქალაქის მერი მიუნხენში, MAN-ის შოურუმიდან “ავტობუსის ფერზე მოქილიკეებს” პასუხობს. კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ  რადგან ეკოლოგია მერიის მიერ გაცხადებული ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაძლოა ავტობუსები მწვანე ფერის იყოს, რასაც სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა:

“კრიტიკოსებს მინდა მივმართო, გუშინ, როდესაც ჩვენ ფერთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, ქილიკობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ფერით წყდებოდა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სულელები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით არსებული პრობლემები და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა იყოს გამოსწორებული.

მერია ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვინც ეს არ იცის, რა ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს სუფთა, იყოს ეკოლოგიურად მოწესრიგებული, მათ ვეტყოდი – ნახეთ სტრატეგია, რომელიციაქვს დედაქალაქის მერიას ტრანსპორტის მიმართულებით და ეს კითხვები აღარ დაგებადებათ”, – ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში  მოძრავ ავტობუსებს ახლით 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩაანაცვლებენ. კალაძე ამბობს, რომ  MAN-ის ქარხანაში თბილისისთვის ავტობუსების აწყობა დაწყებულია და ახლა ფერსა და ბრენდირებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ დისკუსიაში ჩართვას დედაქალაქის მერი თბილისის მოსახლეობასაც სთხოვს:

მგონია, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს თავისი ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენ ჯერ კიდევ ფერთან დაკავშირებით არ ვართ ჩამოყალიბებული. ვართ ჩამოყალიბების პროცესში და მინდა ამ ყველაფერში ქალაქის მოსახლეობაც იყოს ჩართული.

ფერებს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი არჩევანია და რთულია გადაწყვეტილების მიმღება იმაზე, თუ როგორი ფერის და როგორ ბრენდირებული იქნება ქალაქის ავტობუსები. ვფიქრობთ, მწვანე იყოს უფრო მეტი, თეთრი და შავიც შესაძლებელია. ასევე არის ძალიან საინტერესო ფერი, ვერცხლისფერი” ,- ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი