ახალი ამბები

გამოუსადეგარი, მცირე დოზის ნარკოტიკების შენახვისთვის სასჯელი გაუქმდეს – სარჩელი საკონსტიტუციოში

19 ოქტომბერი, 2018 • 2001
გამოუსადეგარი, მცირე დოზის ნარკოტიკების შენახვისთვის სასჯელი გაუქმდეს – სარჩელი საკონსტიტუციოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს, რომელიც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი მცირე დოზის ნარკოტიკების შენახვისთვის სასჯელის მოხსნას ითვალისწინებს.

ამასთანავე, მოსარჩელე მოითხოვს, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის ნორმატიული შინაარსი ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერი ოდენობის (1 გრამამდეც კი) მეტამფეტამინისა და ამფეტანიმის ფლობისთვის.

სარჩელის მიხედვით, ეს ორი საკანონმდებლო ნორმა “შეუსაბამო და აშკარად არაპროპორციულია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება,”.

სარჩელი მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილს ეკუთვნის, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება -მეტამფეტამინსა და 0.00002 გრამი ამფეტამინის ფლობის გამო, სსკ-ის 260 მუხლის მიხედვით, 6 წლით თავისუფლება აღეკვეთა.

“თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საშუალებების ეს ოდენობა (0.000097 გრამი მეტამფეტამინი და 0.00002 გრამი ამფეტამინი) არა თუ გასასაღებლად, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარია. შესაბამისად, სსკ-ის აღნიშნული მუხლის საფუძველზე პირი არაპროპორციული სასჯელით ისჯება ისეთი რაოდენობის ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის, რაც პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია,” – წერია საკონსტიტუციოს სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით ნიკოლოზ ექიზაშვილი, ერთი მხრივ, რეალურ მსხვერპლს წარმოადგენს, მეორე მხრივ, პოტენციურ მსხვერპლს ყველა იმ ოდენობებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგადად გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისათვის.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩლეები ითხოვენ, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნებისმიერი, პირადი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობით მეტამფეტამინისა ან/და ამფეტამინის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ვადით 5-დან 8 წლამდე.

სარჩელის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების  შეძენა-შენახვის დასჯადობა განპირობებულია მისი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების პრევენციის მიზნით. თუმცა იმისთვის, რომ მეტამფეტამინის და ამფეტამინის შეძენა-შენახვამ საფრთხე წარმოშვას ლეგიტიმური მიზნებისთვის, სახეზე უნდა იყოს მათი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად.

გარდა შეძენა/შენახვისთვის სასჯელის ნაწილისა, სარჩელში ასევე საუბარია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ამფეტამინსა და მეტამფეტამინს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვთ, რაც ნიშნავს, რომ 1 გრამამდე ნებისმიერი ოდენობა დიდ ოდენობად ითვლება.

შესაბამისად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. ამის გათვალისწინებით, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა მოსახმარად.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ისმე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, 0.00002 გრამინარკოტიკული საშუალება – ამფეტამინის და იმავე კანონისდანართი N2-ის109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება – მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლთან მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც,ნებისმიერი, პირადი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობით მეტამფეტამინისა ან/და ამფეტამინის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ვადით 5-დან 8 წლამდე. ვინაიდან ამგვარი სასჯელი წარმოადგენს არაჰუმანურ და სასტიკ სასჯელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი