პროკურატურის ვებგვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დავით საკანდელიძემ 1998 წელს დაამთავრა “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის” სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, თუმცა აღნიშნულ დროს ამ დასახელების უნივერსიტეტი არ არსებობდა: საჯარო რეესტრის მონაცემებით, “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი” 2008 წელს ჩამოყალიბდა მანამდე არსებული “საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტის” ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, 1996 წელს დაფუძნდა.
აქედან გამომდინარე, რეზიუმეს თავდაპირველ ვერსიაში მითითებულ უნივერსიტეტს დავით საკანდელიძე 1998 წელს ვერ დაამთავრებდა, რადგან ამ სახელწოდების უნივერსიტეტი მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაარსდა.
დავით საკანდელიძის დიპლომთან დაკავშირებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების დაზუსტების მიზნით “ბათუმელები” მთავარი პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დავით საკანდელიძეს დამთავრებული აქვს არა “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი”, როგორც ეს მისი რეზიუმეს თავდაპირველ ვერსიაში იყო მითითებული, არამედ “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი”.
პრესცენტრის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი ინსტიტუტში 1993-1998 წლებში სწავლობდა. გარდა ამისა, მას 2004 წელს ჩაბარებული აქვს პროკურორობის გამოცდებიც.
მართალია, მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე საკანდელიძის დიპლომით “ბათუმელების” დაინტერესების შემდეგ “უნივერსიტეტი” “ინსტიტუტით” შეიცვალა, მაგრამ ამ უკანასკნელის ანუ “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის” რეგისტრაციის შესახებ მონაცემები საჯარო რეესტრში არ იძებნება. პროკურატურის პრესცენტრში ამბობენ, რომ “ინსტიტუტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით” ვერაფერს განმარტავენ.
შესაბამისად, საკითხის დაზუსტების მიზნით “ბათუმელებმა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
“არსებობს თუ არა ამ სახელწოდების უმაღლესი სასწავლებელი – შპს „საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი“? თუ არსებობს, რომელ წელშია დაფუძნებული და ვინ არის დამფუძნებელი?” – ამ კითხვების პასუხად განათლების სამინისტროდან “ბათუმელებს” შემდეგი ინფორმაცია მოაწოდეს:
“გაცნობებთ, რომ შპს „ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტზე” საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 11 ნოემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/2377 ლიცენზია”.
განათლების სამინისტროდან მიღებულ წერილში არაფერია ნათქვამი შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტზე”, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, დავით საკანდელიძე სწავლობდა (სხვათა შორის, პროკურატურის პრესცენტრმა სატელეფონო საუბარში კიდევ ერთ ვერსიად „ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტიც” დაგვისახელა, როგორც ინსტიტუტი, სადაც დავით საკანდელიძემ უმაღლესი განათლება მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ეს ვერსია თავადვე უარყვეს).
“შპს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი”, ისე როგორც “შპს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალშიც არ იძებნება.
იმ უნივერსიტეტის დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დავით საკანდელიძის რეზიუმეს პირველ ვერსიაში იყო მითითებული, როგორც უმაღლესი დაწესებულება, სადაც მან ისწავლა, სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით ბევრი ინფორმაცია არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება ყალბი დიპლომების გაცემას.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, “საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის” დამფუძნებელი ლაშა კანდელაკიშვილია.
“დავით საკანდელიძეს „საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტში“ არ უსწავლია და, შესაბამისად, არც დიპლომი მიუღია”, – უთხრა კანდელაკიშვილმა “ბათუმელებს”.
ზეპირსიტყვიერ განცხადებებსა თუ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ რეზიუმეებს შორის არსებული შეუსაბამობით გამოწვეულ კითხვებზე პასუხის მისაღებად “ბათუმელებმა” პროკურატურას დავით საკანდელიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლის მოწოდება სთხოვა. პროკურატურაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
მთავარ პროკურატურაში დიპლომთან დაკავშირებულ სკანდალს 2013 წლის დეკემბერშიც ჰქონდა ადგილი. მაშინ ითქვა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს – ოთარ ფარცხალაძეს ყალბი დიპლომი ჰქონდა. ოთარ ფარცხალაძე მაშინ იძულებული გახდა დიპლომი გამოექვეყნებინა.
