ახალი ამბები

ლამბალოში გატაცებული 17 წლის გოგო იპოვეს

18 ოქტომბერი, 2018 • 3386
ლამბალოში გატაცებული 17 წლის გოგო იპოვეს

სოფელ ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგო იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 17 წლის გოგო მარნეული მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.

შსს-ს თქმით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს განცხადებაში არაფერი წერია გოგოს გამტაცებლებზე. ამის შესახებ ნეტგაზეთმა შსს-ს შეკითხვით მიმართა. მათივე თქმით, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

 სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს 6 დღეს ეძებდნენ.როგორც “ნეტგაზეთს” გატაცებულის ნათესავმა, ქაზანფარ მამედოვმა 15 ოქტომბერს უთხრა, ოჯახმა გოგოს შესახებ არაფერი იცის:“გვინდა, რომ გამოაჩინონ, პირველ რიგში. ვნახოთ, რომ კარგად არის ფიზიკურად”, – ამბობს მამედოვი.

მოტაცებამდე ცოტა ხნით ადრე მოზარდი სკოლიდან სახლში დაბრუნდა. ინციდენტის დროს სახლში 12 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა.

“საღამოს, ექვსი საათი ან შვიდის თხუთმეტი წუთი იყო დაახლოებით, რომ დამირეკეს. სახლში სკოლიდან დაბრუნდა და საჭმელს ჭამდა პატარა დასთან ერთად. მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ რომ გავიდა სახლიდან, გარეთ უთვალთვალებდნენ თურმე. როგორც კი გავიდა და მოშორდა სახლს, შევარდნენ სახლში და გამოათრიეს. იმის მერე არც არავის უნახავს და არც ვიცით, [სად არის]. მთელი ღამე პოლიცია ეძებდა და ჩვენც ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით კვალს”, – ამბობს ქაზანფარ მამედოვი.

მისივე თქმით, მოზარდის ოჯახმა უკვე იცის, ვინ გაიტაცა გოგო, თუმცა თავად გატაცებული მას არ იცნობდა:

“ოჯახიდან გავიგეთ, მაგათი საძმაკაცოდან… თვითმხილველები არიან სოფელში, რომელთაც გვითხრეს, ვინ იყო მძღოლი [და ა.შ.]

ვისზეც იძახიან, ცოლობის მიზნით წაიყვანაო… არც ვიცით, რა ხდება იმიტომ, რომ ის ბიჭი სხვა ადამიანზე იყო დანიშნული, საცოლე ჰყავდა. ეს გოგო 17 წლისაა, სწავლობდა, გეგმაშიც არ ჰქონდა[ასეთი რამ] და ფიზიკურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ძალით, ყვირილით, წივილით, ხელის აფარებით [წაიყვანეს]”.

მოზარდის ოჯახი გატაცების სავარაუდო ორგანიზატორის ოჯახს უკვე დაუკავშირდა, თუმცა, როგორც გოგოს ნათესავი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, არც მისმა ოჯახის წევრებმა იციან, “რატომ ჩაიდინა[მან] ასეთი რამ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი