რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწუფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავს, გაავრცელოს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრების კომპილაცია დამატებული ხმებით.
გვარამია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსაგან აქვს.
მისი თქმით, ამავე წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია რუსთავი 2-ს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ახალი ჩანაწერის გასაკეთებლად შევიდა, რათა ეს ჩანაწერი მოგვიანებით პროკურატურას გაევრცელებინა.
“დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს”, -ამბობს ნიკა გვარამია “რუსთავი2”-თან საუბრისას.
გვარამიას თანახმად, სააკაშვილთან საუბრების “ძალიან მნიშვნელოვანი თემა” იყო ზაზა სარალიძე: “როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იქითკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. ჩვენს გარდა მას შემწე და დამხმარე არავინ ჰყავს ამ ქვეყანაში”.
26 სექტემბერს, როდესაც სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, აქციებს შეერთებოდნენ, ელისო კილაძე, რომელიც მათ აქციების ორგანიზებაში ეხმარება, აცხადებდა, რომ სუს-ს ჰქონდა გამზადებული დამონტაჟებული ჩანაწერები, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებს ესაუბრებოდა.