ახალი ამბები

ბესელია მედიაზე: უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც კრძალავს ჩანაწერის გაშვებას

17 ოქტომბერი, 2018 • 6383
ბესელია მედიაზე: უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც კრძალავს ჩანაწერის გაშვებას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელია “ომეგა” ჯგუფთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას ამბობს, რომ უნდა დასრულდეს “გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც”.

“არ მოვეშვები ამ ფრაზას და რამდენჯერად მომეცემა შესაძლებლობა, … მუდმივად ვიტყვი — ეს უნდა დასრულდეს”, თქვა ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში”.

“ეს ეხება ყველას”, დასძინა ბესელიამ. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ამ განცხადებით, ბესელიამ უპასუხა:

“დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ყველა დავიღალეთ, თქვენც, მეც, რომელთაც გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც ამ ჩანაწერებით გვესაუბრებოდნენ ყოველდღე, ძილისპირულივით გვესმოდა ეს ჩანაწერები. მაშინაც სულ ამ კითხვას ვსამდი — არსებობს რაიმე კანონიერი სარჩული ასეთი ჩანაწერების ჩვენების? როდესაც მედია პირდაპირ იწყებს ამ ჩანაწერების დემონსტრირებას და გასაჯაროებას, დღესაც მაქვს ეს განცდა”.

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს ციხეში წამების კადრების გავრცელების შემდეგ მოვიდა. ჟიჟილაშვილის კითხვაზე, რატომ გაუჩნდა მას მხოლოდ ახლა პროტესტი ჩანაწერებთან დაკავშირებით, ბესელიამ უპასუხა: “მე ყოველთვის მქონდა ეს პროტესტი”.

ბესელიამ განაცხადა, რომ “ერთადერთი, … ვინც შეიძლება ასეთი ჩანაწერი გაასაჯაროოს, არის გამოძიების ორგანო, რომელმაც იცის, ეს კანონიერა თუ არა და მოიპოვა თუ არა კანონიერად და თუ თვლის საჭიროდ, გაასაჯაროოს და რისკებს იღებს”.

ბესელიამ რუსთავი2-ს უწოდა “პარტიული ტელევიზია”, რომელიც “ყველა ხერხს იყენებს”; ჟიჟილაშვილის კითხვაზე კი განაცხადა, რომ რუსთავი2-ს აქვს უფლება, “იყოს მხარე, თუმცა მას ეკრძალება კანონის უგულებელყოფა”.


“ნეტგაზეთმა” მედიასამართლის სპეციალისტს, მამუკა ანდღულაძეს სთოვა, ბესელიას ეს განცხადება შეეფასებინა. ანდღულაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” (TI) მედიაპროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ საჭიროა გავიხსენოთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები და მაგალითად მოჰყავს “ვიკილიქსის”, ედვარდ სნოუდენისა და “უოთერგეითის” საქმეები.

ვიკილიქსი არის საიტი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს. ედვარდ სნოუდენი ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორია, რომელმაც აშშ-ის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია პრესაში გაჟონა, “უოთერგეითის” საქმე კი ჟურნალისტური გამოძიება იყო, რომელსაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური კარიერა შეეწირა.

როგორც ანდღულაძე გვიხსნის, მართალია, ამ საქმეებში დადგა პასუხისმგებლობა ადამიანების, ვინც აღნიშნულ შემთხვევებში ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა, თუმცა არ დამდგარა პასუხისმგებლობა არცერთი მედიასაშუალებისა, რომელსაც ეს ინფორმაცია ხელში ჩაუვარდა, “იმიტომ, რომ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი”.

“საგანგაშოა, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება წამყვან საერთაშორისო გამოცდილებას”, -ამბობს ანდღულაძე და დასძენს, რომ საუბარია არა ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების მედიასაშუალების მიერ ჩაწერაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც მედიას აწვდიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მასალებს; მედიისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მასალების გამოქვეყნების აკრძალვა კი, როგორც წესი, არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი, გვითხრა მან.

TI-ის სპეციალისტის შეფასებით, ბესელიას განცხადება ქმნის თვითცენზურის საფრთხეს ქვეყანაში: “როდესაც ასეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აკეთებს მსგავს განცხადებებს, თვითცენზურის გარემოს ქმნის — მედია, რომელსაც ჩაუვარდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ინფორმაცია, რომლის წყაროც, შესაძლოა, არ იყოს ბოლომდე კანონიერი, დაფიქრდება, გამოაქვეყნოს თუ არა ეს მასალა”.


შენიშვნა: მასალა განახლდა 17 ოქტობმერს 22:40-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი