“ჩვენ სულ გვაქვს შემოსული ცხელ ხაზზე 8 ზარი, აქედან არც ერთი არ ეხება დარღვევებს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი ბოკერიას დროს ოპოზიციიდან ამავე კომისიის წევრი, იმავე ცხელ ხაზს ვიყენებდი დღეში რამდენჯერმე. როდესაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ქუთაისის პოლიციის შენობის ეზოში მაშინდელმა კუდმა ალყა შემოგვარტყა მე და ვიქტორ დოლიძეს, ვინ ჩაგვქოლავდა არ ვიცოდით არც ერთმა და მაშინ გამოვიყენე სხვებს შორის ეს ცხელი ხაზი და კომისიამ ქალბატონი კინწურაშვილის მეშვეობით მოახდინა რეაგირება. დღეს ასეთი რამ არ ხდება, ცალსახა პროგრესია სახეზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თუმცა მინისტრის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომისიამ არაფერი უნდა აკეთოს:
“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელჩამოშვებული უნდა ვისხდეთ. კომისიას აქვს ძალიან ქმედითი რეაგირების საშუალებები, იქნება ეს სატელეფონო ზარები ჩემ მიერ განხორციელებული პროკურატურაში თუ სხვ. მორატორიუმის დაცვასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პოზიცია არის ნათელზე ნათელი, რომ მორატორიუმი უნდა შესრულდეს”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ რეკომენდაცია წარმოადგინონ თავიანთი პოლიტიკური აქტივისტების სია, რომ პროკურატურას მიეცეს მორატორიუმის კარგად შესრულების საშუალება.

“ვერ მოგვაწოდეს ინსპექტორის განცხადების გამო, რომელმაც თქვა, რომ ეს შეიძლება არღვევდეს პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ გაცილებით დიდი სიკეთე დევს მეორე მხარეს, ამიტომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გვითხრა, რომ იმ სიას მოგვაწვდის, რაც მორატორიუმის განხორციელებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა მინისტრმა.
თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ითხოვს ეფექტურ და ქმედით რეაგირებას სხვადასხვა დარღვევებზე უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან. დღეს პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ის წერილები გაავრცელა, რომლებითაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა უწყებათაშორის კომისიას მისი პირველი სხდომის გამართვის (11 აპრილი) შემდეგ.
გარდა გახმაურებული შემთხვევებისა, ერთ–ერთი ბოლო წერილი ეხება მთავრობის სხდომაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის მიერ პარტიის 7%–იან მხარდაჭერაზე საუბარი “ნაციოანალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აგიტაციაა.








