ახალი ამბები

ყვარლის გამგებლის მხარდამჭერების ცნობით, დავით ქევხიშვილს შს მინისტრის მოადგილე ებრძვის

25 აპრილი, 2014 •
ყვარლის გამგებლის მხარდამჭერების ცნობით, დავით ქევხიშვილს შს მინისტრის მოადგილე ებრძვის

ხუციშვილის თქმით, გამგეობის 3–სართულიან შენობაში პირადად მან 70–ზე მეტი პოლიციელი დაითვალა, რომლებიც საკრებულოს წევრებს კორდონებით აცილებენ. გარდა ამისა, სამართალდამცველები მობილიზებული არიან შენობის პერიმეტრზეც, სადაც ასევე იმყოფებიან ქევხიშვილის მხარდამჭერები.


ხუციშვილი ვარაუდობს, რომ დღეს საკრებულო კიდევ ერთხელ აპირებს შეკრებას და გამგებლის დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. აღნიშნული მათ გუშინდელ სხდომაზე ვერ მოახერხეს.

 

დღეს დილით გამგეობის შენობასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, სადაც ინციდენტი მოხდა. საკრებულოს წევრებსა და ქევხიშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოფიციალური ვერსიით სამართალდამცველებმა დავით ქევხიშვილი და მისი 17 მხარდამჭერი დააკავეს. ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ ზემოხენებული ადამიანები დავით ქევხიშვილს გარს შემოერტყნენ და პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ:

 

“იმპიჩმენტი პირველ ეტაპზე ვერ მოახერხეს. შემდეგ იპოვეს ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ დავით ქევხიშვილმა დაარტყა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. შემდეგ გუშინ კიდევ ხელახლა შეიკრიბა საკრებულო, დღის წესრიგში სხვა საკითხი გამოიტანეს – ბიუჯეტი, მაგრამ უცებ დააყანეს იმპიჩმენტის საკითხი. შემდეგ იქ შევარდნენ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები, რომლებმაც თქვეს, რომ ასეთ უკანონობას არ დაუშვებდნენ: დღის წესრიგში ბიუჯეტის განხილვა ეწერა და უცებ გადაყენების საკითხი დასვეს. ბოლოს ეს სხდომა ჩაიშალა. დღეს აქ უკვე პოლიციის უპრცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მთელი კახეთის პოლიცია აქ არის.  კიდევ მოიყვანეს პოლიცილები მიკროავტობუსებით და პიკაპებით”, – აცხადებს ხუციშვილი და დასძენს, რომ ყვარელში დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზედელაშვილი იბრძვის, რომელსაც თანამდებობებზე სკაუთარი ახლობლების და ნათესავების დასაქმება სურს.

 

“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აქ გიორგი ზედელაშვილის ინტერესები გაჩნდა. ის აქ მისი გარდაცვლილი ცოლის ბიძაშვილს და სხვა ახლობლებს ლობირებს. უნდა, რომ ეს ადამიანები მოიყვანოს აქ. დავით ქევხიშვილი ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნიათ”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რა მტკიცებულებების საფუძველზე აბრალებენ ისინი ზედელაშვილს მსგავს ქმედებას, ხუციშვილი პასუხობს, რომ საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც ქევხიშვილს ებრძვიან, ეს პირად საუბრებში პირდაპირ თქვეს:

 

“ეს ადამიანები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ჩვენს გვერდით დგას ზედელაშვილი, ჩვენი დრო მოდისო. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზედელაშვილმა სკოლა ყვარელში დაამთავრა. აქ ცხოვრობდა. შემდეგ წავიდნენ ყვარლიდან. ასევე ამბობენ, რომ ქევხიშვილი  უშიშროებისთვის მიუღებლი პირიაო”.


ხუციშვილის თქმით, ზედელაშვილი გუშინ ყვარელში იმყოფებოდა პანაშვიდზე. მისი თქმით, ზედელაშვილის ვიზიტი საკრებულოს გუშინდელ სხდომას საეჭვოდ დაემთხვა. ყვარელში ზედელაშვილის ინტერესების თაობაზე ქევხიშვილის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შსს–ში. ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ ზედელაშვილი ყვარელში გუშინ საერთოდ არ ყოფილა.

 

დავით ქევხიშვილის და მისი მხარდამჭერების სასამართლო პროცსი დღეს გაიმართება. ქევხიშვილს ბრალი წვრილმან ხულიგნობაში ედება, ხოლო მის მხარდამჭერებს- წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში.


დავით ქევხიშვილი ყვარლის რაიონის გამგებლობის პარალელურად “ქართული ოცნების” წევრი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია. იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყვარელში “ქართული ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა მარიკა ვერულაშვილთან დამარცხდა.

ზედელაშვილი და ქევხიშვილი
ზედელაშვილი და ქევხიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი