ახალი ამბები

ომბუდსმენი: სუბელიანი ჩანაწერებზე არ საუბრობს, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

16 ოქტომბერი, 2018 •
ომბუდსმენი: სუბელიანი ჩანაწერებზე არ საუბრობს, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში

სახალხო დამცველი საპატირმოში მირზა სუბელიანს შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულს არ სურს საუბარი გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ:

“როდესაც ვსვამდი შეკითხვებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით” ,-  ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ სუბელიანი სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართო და მის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება:

“ჩანაწერებთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმაზე, რომ ის ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, არის დაცვა უზრუნველყოფილი და ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში”, – თქვა ომბუდსმენმა.

მანამდე, მირზა სუბელიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატი განმარტავს, რომ მისი კლიენტი სტრესულ მდგომარეობაშია, რის გამოც გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა.


დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა მომზადებული, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

ვრცლად წაიკითხეთ:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი