ახალი ამბები

EMC: 2013-14 წლებში იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ იმატა

24 აპრილი, 2014 •
EMC: 2013-14 წლებში იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ იმატა

დანარჩენი 31 შემთხვევიდან – 15 სამეფო დარბაზის დაზიანების (ქვებით, ცეცხლსასროლი იარაღით), 8 რელიგიური მსახურების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის და ლიტერატურის დაზიანების შემთხვევებია, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა სახის იძულების ფორმით (რელიგიური ლიტერატურის ხელიდან გამოგლეჯა, კონკრეტულ ტერიტორიაზე გავლის აკრძალვა და სხვა), რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევებია.

შესწავლილი საქმეებიდან 3 შემთხვევაში სამართალდარღვევის სუბიექტი სასულიერო პირი იყო. აღნიშნული შემთხვევებიდან 13 თბილისში, ხოლო 32 რეგიონებში მოხდა, აცხადებს EMC.

EMC-ის ანგარიშით, 2014 წლის იანვარი-მარტის პერიოდში იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლინდა ძალადობის 25 შემთხვევა. 20 შემთხვევა გამოიხატა რელიგიური მსახურებისათვის ხელის შეშლაში, აქედან 9 ფიზიკური ძალადობით, ხოლო 11 რელიგიური გრძნობის სიტყვიერი შეურაცხყოფით. შესწავლილი 25 შემთხვევიდან 6 თბილისში, ხოლო დანარჩენი 19 ფაქტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰქონდა ადგილი.

EMC
EMC

თბილისში მომხდარი ექვსივე შემთხვევა მოხდა საჯარო ადგილას, როდესაც იეჰოვას მოწმეები მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოდგმული სტენდებით ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას.

EMC-მ საქართველოს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ფაქტების ანალიზისა და სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოხმობილი ფაქტები შეაჯერა. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები ხშირად ღიად, საჯარო სივრცეში ხდება და გამოვლენილი აგრესია კოლექტიურ ხასიათს ატარებს. 2013-2014 წლებში იმატა ფიზიკურ პირებზე ძალადობამ, რომელთა უმეტესობა გამოიხატება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დარღვევაში.

“აგრესია, როგორც წესი, კოლექტიურად რამდენიმე ადამიანის მიერ ხორციელდება, რომლებიც ადგილზე სპონტანურად მოქმედებენ. თბილისში მომხდარი 6 სამართალდარღვევიდან 3 შემთხვევაში სუბიექტი სასულიერო პირი იყო, რომელსაც, დაზარალებულთა თქმით, მანამდეც გამოუვლენია იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესია”,- აცხადებს ორგანიზაცია.

EMC აცხადებს, რომ წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე არ არის ეფექტური, რადგან გამოძიების პროცესი, როგორც წესი, ჭიანურდება ან სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება უფლების დარღვევაზე არ არის ადეკვატური და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

განსახილველ პერიოდში გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები მას სწორ იურიდიულ კვალიფიკაციას აძლევენ. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიების პროცესი, როგორც წესი, ჭიანურდება, მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები არ მოსდევს, აცხადებს EMC.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” მიაჩნია, რომ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდას ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მზარდი რელიგიური სიძულვილით განპირობებულმა ქმედებებმა და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევის გახმაურებელ შემთხვევებზე (რელიგიური კონფლიქტები ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, ჭელას მინარეთის დემონტაჟი, ხანუქას დღესასწაულის დროს განვითარებული მოვლენები) სახელმწიფოს არაეფექტურმა რეაგირებამ და პასიურობამ შეუწყო ხელი.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არსებითია, სახელმწიფომ უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების დროული და ეფექტური გამოძიება და სამართალდამრღვევის პირების დასჯა, რასაც პრევენციული ეფექტი ექნება და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას შეამცირებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს სათანადო ინფორმაციული პოლიტიკა საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების დამკვიდრების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი