ახალი ამბები

ოდიშარია: RMG გოლდი საყდრისი–ყაჩაღიანის უბანზე კანონის ფარგლებში მოქმედებს

24 აპრილი, 2014 • • 1637
ოდიშარია: RMG გოლდი საყდრისი–ყაჩაღიანის უბანზე კანონის ფარგლებში მოქმედებს

 

გურამ ოდიშარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ RMG Gold საყდრისის ობიექტს ანადგურებს, პოლიტიკური სპეკულაციებია.


“სამწუხაროდ, გარკვეული წრეების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირღვევა მემორანდუმით დადგენილი პუნქტები და საყდრის–ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს. ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას. საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ორგანიზაციას ხელს აძლევს სიტუაციის დაძაბვა და აშკარად სუბიექტური განწყობით მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას”,- განაცხადა მინისტრმა.


მემორანდუმის თანახმად, საყდრისზე დაკვირვებას აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი და კომპანიის მუშაობა სრულ შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და RMG-ის დადებულ მემორანდუმს შორის, განაცხადა მინისტრმა.

 

გურამ ოდიშარიამ ისაუბრა 22 აპრილს “საყდრისის საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტის” წევრებთან შეხვერდაზე, რომლებიც საყდრისის ტერიტორიაზე აქციას მართავენ და მოითხოვენ, რომ RMG-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები შეაჩეროს.


შეხვედრის შემდეგ ოდიშარია აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ საყდრისის ბორცვს, სადაც მდებარეობს ობიექტი, სადემარკაციო ხაზი დაიცავს და კომპანიის მუშაობას დააკვირდება საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.


გუშინ კომიტეტმა გამოქვეყნა იმ სპეციალისტების სია, რომელთა მოწვევასაც ითხოვენ ისინი. ხოლო გუშინდელი მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ გურამ ოდიშარიას დაავალა,  რომ საყდრისის თემაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს, რადგან საყდრისი არ არის ოქროს მაღარო.

დღევანდელი ბრიფინგის დასრულების შემდეგ კითხვაზე, გაიმართება თუ არა სადემარკაციო ხაზი საყდრისის ბორცვზე და რომელი სპეციალისტები ჩაერთვებიან საყდრისის მონიტორინგში, სამინისტროში პასუხობენ, რომ საყდრისის თემაზე სამინისტრო კომენტარს აღარ გააკეთებს.


დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელმაც თქვა, რომ 6-7 დღეში საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები:


“ცნობილია ექსპერტების ჩამოსვლის დრო, ეს იქნება 7–6 დღის ფარგლებში. შესაბამისად, ის ჩვენი შეთანხმება, რაც აქამდე გვქონდა და გვაქვს მიღწეული, იქ სამუშაოები იწარმოებს საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლის შემდგომ.”- განაცხადა ნიკა ანთიძემ.


სოსო ცაბაძემ, RMG Gold-ის კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში და იმის მიუხედავად, რომ მემორანდუმი მას არ ავალდებულებს მოეწვია გერმანელი მკვლევარი თომას შტოლნერი, კომპანიამ მაინც შესთავაზა მას მონიტორინგის ჯგუფში ჩართვა.


“კომპანია თავისი სამუშაოების პერიოდში არასოდეს გასცილებია საკანონმდებლო ჩარჩოს და არ გადაუხვევია იმ ვალდებულებებისგან, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით.” განაცხადა სოსო ცაბაძემ.

დღეს, 12:30 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ საყდრისის დაცვის საზოგადიებრივმა კომიტეტმა აქცია გამართა. პრემიერ ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აქციის მონაწილეების მიზანი იყო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიეწვდინათ ხმა საყდრისის შესახებ. თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებითვის გახდა ცნობილი, შტაინმაიერი და ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები 2 საათისთვის დაიშალნენ.    

მასალების გადაბეჭდვის წესი