ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლი პროტესტის გამო ციხეში დასაჯეს

15 ოქტომბერი, 2018 •
ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლი პროტესტის გამო ციხეში დასაჯეს

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მისი ქმარი გარკვეული პერიოდით ციხის კარცერში გადაიყვანეს.

“აფგანი 7 ოქტომბერს რამდენიმე საათით ჯერ კარცერში გადაიყვანეს, შემდეგ ძლიერი წვიმის ქვეშ დააყენეს, რის გამოც გაცივდა და ავად გახდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლეილა მუსტაფაევა, აფგან მუხთარლის ცოლი, რომლის განმარტებით, ქმარს ტელეფონით ესაუბრა, შესაბამისად. დროის სიმცირის გამო, ბევრი დეტალი ქმარს არ მოუყოლია.

“როგორც მითხრა, მიზეზი გახდა მისი პროტესტი დაკავებული აქტივისტის, მემედ იბრაგიმოვის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციაზე. იბრაგიმოვს, რომელიც ამავე კოლონიაში იხდის სასჯელს, ციხიდან გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე ბალიშის ქვეშ დანა აღმოუჩინეს. შესაბამისად, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი საქმე აღძრეს. მსგავსი პროვოკაციით აღშფოთებულმა აფგანმა  გამოხატა თავისი დამოკიდებულება, თუმცა ამ პროტესტის დეტალები ჩემთვის უცნობია, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით”, – ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

აზერბაიჯანულ სააგენტო Turan-თან აზერბაიჯანის შესაბამისი ოფიციალური უწყებები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

თბილისიდან მისი ბაქოში გატაცების შემდეგ, აზერბაიჯანის გამოძიებამ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენა, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. აზერბაიჯანის ყველა სასამართლო ინსტანციამ ის დამნაშავედ ცნო. მუხთარლის სასჯელის მოხდა კიდევ 4.5 წელი მოუწევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი