რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ მოხდილი ბოდიშისთვის მადლობელია. ნეტგაზეთი კლასიკური ფილოლოგიისა და მსოფლიო ლიტერატურის სპეციალისტს კომენტარისთვის ფრანკფურტში მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გაუხარდებოდა, თუ ლევან ბერძენიშვილი გახდებოდა გრიგოლ ვაშაძის მრჩეველი განათლების საკითხებში.
ბერძენიშვილისთვის “აბსოლუტურად წარმოუდგენელია”, რომ კვლავ მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდეს იმ სფეროებს, სადაც გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, თანამშრომლობას სთავაზობს.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასე მოხდება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ყველანაირი სურვილი დაკარგული მაქვს 2004 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გზები დაშორდა ერთმანეთს. ის, რომ მოვიდა და ბოდიში მომიხადა, ჩემთვის სასიამოვნოა პერსონალურად და პიროვნულად. შეიძლება, ვიღაცას არაფრად მიაჩნია, როდესაც მძიმე ბრალდებას წაგიყენებენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, პირიქით, უნდა იცავდეს. კარგია, რომ მოვიდა და მოიმიბოდიშა.
მოკლედ, რა თქმა უნდა, შემოთავაზებაზე უარს ვამბობ, რადგან არანაირად არ არის ჩემს ინტერესში ასეთი ტიპის თანამშრომლობა, ხოლო ბოდიში რომ მოიხადა, სწორად მიმაჩნია. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამდენი წლის შემდეგ, როგორც და რანაირადაც იყო, თავისით მოვიდა (შემთხვევით არ გადავყრილვართ) და გააზრებული ნაბიჯი გადადგა პირადად ჩემთან მიმართებით”, – უთხრა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ნეტგაზეთს.
როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილთან 2007 წლამდე ჰქონდა კომუნიკაცია და ნორმალური ურთიერთობა, სანამ მას რუსეთის აგენტად არ გამოაცხადებდა:
“მოულოდნელი იყო 2007 წლის ნოემბერში იმ ადამიანებთან ერთად ჩემი მოხვედრა. შალვა ნათელაშვილთან, გოგა ხაინდრავასთან და კოკო გამსახურდიასთან ერთად მეც გამოვცხადდი რუსეთის აგენტების სიაში, სპეციალური ფილმიც გადაიღეს. რა თქმა უნდა, ამან ზიანი მიაყენა ჩემს რეპუტაციას, მაგრამ ეგ არაფერი. პერსონალურად მე მაწყენინა ძალიან, თითქოს სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა…”
- ფრანკფურტში მყოფი ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიმართ გამოთქმული შეფასებების გამო მოუბოდიშა და საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი უწოდა;
- მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა ლევან ბერძენიშვილის მონაყოლი ფრანკფურტში მომხდართან დაკავშირებით. მან ლევან ბერძენიშვილის სტატუსი გაიზიარა კომენტარით: “მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა.”
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.
2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ “ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც” გავრცელდა, რომელთა მეშვეობითაც რიგ პოლიტიკოებს, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, მოსკოვთან კავშირს ედავებოდნენ. მაშინდელი შსს-ს ვერსიით, სატელეფონო საუბარში ბერძენიშვილი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის მუშაკს ესაუბრებოდა საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.
სააკაშვილმა მომიბოდიშა და თავდადებული მებრძოლი მიწოდა – ბერძენიშვილი