ახალი ამბები

თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი თავისუფალია

12 ოქტომბერი, 2018 • 1941
თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი თავისუფალია

თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლეს. CNN-ის ინფორმაციით, დაკავებიდან ორი წლის შემდეგ, თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკელი სასულიერო პირი თავისუფალია.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში თითქმის 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, 2016 წელს, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის აგვიტოში ის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა შინაპატიმრობაში დატოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

გადატრიალების გარდა, პასტორს თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებდა ქურთების მუშათა პარტიასთან და ფეტულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში. ამერიკული მხარე ბრანსონს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 2017 წლის ოქტომბერში თურქეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ პასტორისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლო იყო.

რამდენიმე თვის წინ კი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთს ბრანსონის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთშია დაკავებული, უდანაშაულოა. თურქეთი კარგს იზამს, თუ ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეაგირებას არ დაელოდება. ტრამპის რეაგირება კი დამოკიდებული იქნება უცხოეთში უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებაზე”, – დაწერა ტვიტერზე პენსმა.

პასტორის დაკავებას აშშ–სა და თურქეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუარესება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი