TI: 8 საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) პოლიტიკური სუბიექტების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც TI-მ მონიტორინგის შედეგად დაადგინა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გრიგოლ ვაშაძის გარდა, კიდევ 3 კანდიდატი სარგებლობს ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხარდაჭერით.

მათ შორის, კახა კუკავა, რომლის სასარგებლო აგიტაციას ეწევიან აკაკი ასათიანი  (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი) და გელა ხუციშვილი (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა).

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოიყენება ოთარ მეუნარგიასთვის (მრეწველობა გადაარჩენს საქართველო)
უფასო პოლიტიკური რეკლამა.  

დავით ბაქრაძე კი ირაკლი გორგაძის (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის) მხარდაჭერით სარგებლობს.

28 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამებზე, რომლებიც თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამგვარ შემთხვევებში სახეზეა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მეორისთვის სარგებლის უსასყიდლოდ მიცემა, რაც შემოწირულებას წარმოადგენს:

“ქართული კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების განხორციელება. ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ასეთი რეკლამები ტელეარხებზე კვლავ გადის”  – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები.

საარჩევნო სუბიექტებს კი ორგანიზაცია მოუწოდებს, შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან თუ ეს ქმედება კანონდარღვევად იქნება მიჩნეული, საარჩევნო სუბიექტები შესაძლოა დიდი თანხებით დაჯარიმდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.