ახალი ამბები

NGO-ები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ

12 ოქტომბერი, 2018 • 1333
NGO-ები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს  ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ

საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გააგზავნონ.

ორგანიზაციების დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

“ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

NGO-ები ასევე აცხადებენ, რომ სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დასახელებული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან:

“კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას.

ამ ქმედებით ასევე ირღვევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების თაობაზე, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს შეახსენებს საარჩევნო კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ შეზღუდვებს”, – ვკითხულობთ საიას, TI-სა და ISFED-ის ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ- ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.

NGO-ები მოუწოდებენ მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ
გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს კი მიმართავენ, რომ უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების
შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი