ახალი ამბები

აქციის მონაწილეები: საყდრისის ნგრევა დაიწყო

18 აპრილი, 2014 • • 1513
აქციის მონაწილეები: საყდრისის ნგრევა დაიწყო

“დღეს, დაახლოებით ოთხი საათიდან სატვირთო მანქანებით დაიწყო მიწის გამოტანა საყდრისის ტერიტორიიდან. მანამდეც გამოჰქონდათ მიწა, რადგან გზას აკეთებდნენ და განგაში არ აგვიტეხია, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა მთიდან ავედით და გადავიღეთ კადრები, როგორ მიადგნენ უშუალოდ ძეგლს, რომლის ნაწილიც ჩამოშლილია. ეს რომ დავინახეთ, პატრული გამოვიძახეთ. 1 საათი არ მოსულან, შემდეგ კი მოვიდნენ არა პატრულის მანქანით, ერთ–ერთი პირი სამოქალაქო ფორმაში იყო  და ვერ წარმოადგინა საბუთი, რომ პატრული იყო. ვთხოვეთ დაეფიქსირებინათ, რომ უკანონოდ მიდის მუშაობა ძეგლზე, გვითხრეს, რომ არ არიან ვალდებულები, რომ ეს შეამოწმონ. შემდეგ ჩვენ ჩვენების აღება მოვითხოვეთ, რაც არ გააკეთეს”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ნატუკა ვაწაძე.

 

“მე მოვედი დღის მეორე ნახევრიდან, მთელი დღე არის სატვირთო მანქანების მოძრაობა, თხრიან და გააქვთ რაღაც მასალა, უშუალოდ ძეგლთან ახლოს მიდის ფართო მასშტაბის სამუშაოები, რომელზეც არ აქვს კომპანიას არანაირი უფლება. კომპანიის წარმომადგენლებს ვერ ვესაუბრეთ, რადგან დაცვა დგას გარშემო და ახლოს არ გვიშვებენ. სამჯერ გამოვიძახეთ პატრული, ჯერჯერობით ჩვენებაც კი არ მიიღო ჩვენგან, დამამტკიცებელი საბუთი მჭირდება იმისა, რომ არ აქვს კომპანიას უფლება განახორციელოს სამუშაოებიო, გვეუბნება. ოქმი არ შეუდგენიათ, ვაპირებთ, რომ ხვალ ჩვენ დავწეროთ საჩივარი”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლალი პერტენავა.

 

აქციის მონაწილეებს საყდრისის მახლობლად კარვები აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე დაახლოებით ორმოცამდე ადამიანი იმყოფება. ისინი აცხადებენ, რომ ხვალისთვის ნგრევის ფაქტის გასაპროტესტებლად ორი აქცია იგეგმება. ერთი საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, მეორე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია უნდა მივიდეს, რადგან ერთ–ერთ გადაცემაში სტუმრადაა მიწვეული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საყდრისის ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ:

 

“ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი ნგრევის ფაქტი არ ხდება”, – აცხადებენ შსს–ში.


“ნეტგაზეთი” ცდილობს კომპანია RMG gold-ის წარმომდგენლებთან ტელეფონით დაკავშირებასაც, რაც ჯერჯერობით არ ხერხდება.

 

საყდრისში, რომელიც წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაში შედის, მდებარეობს საყდრისის ობიექტი, რომელიც მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით არის უძვლესი ოქროს მაღარო. საყდრისის ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისამდე ჰქონდა. 2014 წლის 13 მარტს კულტურის სამინისტრომ RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. სამინისტროს გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინაააღმდეგება და პერმანენტულ აქციებს მართავს.


‘მწვანე მუშტის’ მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი