ახალი ამბები

ბრიტანულმა სასამართლომ გაამჟღავნა აზერბაიჯანული კორუფციის საქმეში გარეული ადამიანის ვინაობა

10 ოქტომბერი, 2018 • 2052
ბრიტანულმა სასამართლომ გაამჟღავნა აზერბაიჯანული კორუფციის საქმეში გარეული ადამიანის ვინაობა

ლონდონის სასამართლომ გააუქმა ორდერი, რომელიც კრძალავდა აზერბაიჯანული კორუფციის სკანდალში გარეულ იმ ადამიანის ვინაობის გამხელას, რომელმაც სხვადასხვა დროს 16 მილიონი ფუნტი დახარჯა მხოლოდ ერთ მაღაზიაში, Harrods-ში, ტანსაცმლის საყიდლად, წერს Guardian.

მოსამართლემ 10 ოქტომბრიდან დაუშვა, რომ ზამირა ჰაჯიევას ვინაობა დაესახელებინათ.

ჰაჯიევა ამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლეა.

ჰაჯიევას ქმარი დაპატიმრებულია სახელმწიფო ბანკიდან 2.2 მილიარდი ფუნტის გათეთრების ბრალდებით.

როგორც Bloomberg წერს, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საჯარო ინტერესი გამჭვირვალე სასამართლოს მიმართ გადაწონიდა იმ შესაძლო სირთულეებს, რაც შეიძლება ჰაჯიევას საკუთარ ქვეყანაში შეექმნას.

მისი მეუღლე ჯაჰანგირ ჰაჯიევია. იგი 15-წლიან პატიმრობას იხდის აზერბაიჯანში. ჯაჰანგირ ჰაჯიევი დამნაშავედ ცნეს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ხელმძღვანელის პოზიციის თაღლითობისთვის გამოყენებაში.

ზამირა ჰაჯიევა აზერბაიჯანში იძებნება. გამოძიების ვერსიით, ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვისაც ჰაჯიევი იყენებდა ფულის ქვეყნიდან გასატანად. ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

დანაშაულთა ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბრალდებულები ჯერჯერობით ვერ ხსნიან, თუ საიდან ჰქონდათ ამ რაოდენობის თანხა: 11.5 მილიონი ფუნტი 5-საძინებლიანი სახლის საყიდლად, 16.3 მილიონი ფუნტი 2006-16 წლებში Harrods-ში… სახლი აღნიშნული მაღაზიიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს.

ჰაჯიევამ თუ ვერ მოახერხა აჩვენოს, რომ დახარჯული ფული კანონიერი გზითაა ნაშოვნი, აღნიშნული ქონება გაიყინება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი