აგრარული უნივერსიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიხედვით, “ცოდნის ფონდს” 2013 წლის 24 დეკემბრამდე აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რისი გარანტიაც უნივერსიტეტის თანხა – 400 000 ლარია.
ფონდმა უნივერსიტეტში არა 8 მილიონი ლარი, არამედ 11 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა, რაც უნივერსიტეტის მიერ დაქირავებულმა სამმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა. აგრარულმა უნივერსიტეტმა აუდიტორული კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული 14 კომპანიის ნუსხიდან ამოარჩია.
შეთანხმების მიხედვით 2014 ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული 14 აუდიტორული ორგანიზაციიდან უნივერსიტეტს უნდა აერჩია ერთ-ერთი, რომლის დასკვნაშიც გამოჩნდებოდა – განხორციელდა თუ არა შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება 8 მილიონი ლარის ინვესტირებასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დასკვნები დროულად გადაეგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც, კანონმდებლობის მიხედვით, იანვრის ბოლომდე უნდა დაედასტურებინა საინვესტიციო ვალდებულების შესრულება თუმცა 14 აპრილს უნივერსიტეტში ეკონომიკის სამინისტროს წერილი შევიდა, სადაც უწყება სასწავლებელს 400 000 ლარიანი გარანტიის გაგრძელებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო თანხის სრულად ჩამოჭრით ემუქრება.
უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ საგარანტიო ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს, რადგან ფონდმა ამ დროის განმავლობაში მიზნობრივად არა 8 მილიონი, არამედ 11 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა.
„სამწუხაროდ, ეს მორიგის პოლიტიკური შეტევაა უნივერსიტეტზე. სამინისტრომ გამოიჩინა გულგრილობა, გაექცა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და არ დაადასტურა უნივერსიტეტის მხრიდან შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება. თუმცა საკუთარი ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად სასწავლებელს იმ თანხის წართმევას უპირებს, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას ხმარდება და, შესაბამისად, ჩამოჭრის შემთხვევაში აუცილებლად აისახება უნივერსტეტის საქმიანობაზე.“ – აცხადებს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.
“ნეტგაზეთი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა. ეკონომიკის სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ, რომ „საქართველოს აგრარული უნიერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე მიმდინარე ეტაპზე ვალდებულების შესრულება არ არის დადასტურებული.
სააგენტოს აცხადებს, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო ვალდებულების შესულებას, გასდის ვადა და იმისათვის, რომ კომპანიას საბანკო გარანტია არ ჩამოეჭრას, “ცოდნის ფონდს” ეთხოვა წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია, სანამ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.








