ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც სმარტფონებისა თუ კომპიუტერების ეკრანებთან რეკომენდებულ დროზე მეტს ატარებენ, ხოლო ფიზიკურ აქტივობებს ნაკლებ დროს უთმობენ, ფიქრის, მეხსიერებისა და ენის თვალსაზრისით ჩამორჩებიან იმ ბავშვებს, ვინც ეკრანებთან ყოველდღიურად 2 საათზე ნაკლებს ატარებენ. კვლევის შესახებ The Washington Post წერს.
Lancet Child & Adolescent Health-ის კვლევის დროს 8-დან 11 წლამდე 4 500 ბავშვი შეირჩა. მკვლევრები დააკვირდნენ, რამდენ ხანს ეძინათ ბავშვებს, რა დროს ატარებდენ ეკრანებთან და შეისწავლეს ის დროც, რასაც ფიზიკურ აქტივობას უთმობდნენ. კვლევის მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რა ზეგავლენას ახდენდა აღნიშნული ფაქტორები ბავშვის მენტალურ შესაძლებლობეზე.
მიღებული მონაცემები მკვლევრებმა იმ რეკომენდაციებს შეადარეს, რომელთა მიხედვით, ბავშვმა, რომელსაც ერთ დღე-ღამეში 9-დან 11 საათამდე სძინავს, ეკრანთან 2 საათზე ნაკლები უნდა გაატაროს, ხოლო ფიზიკურ აქტივობას 1 საათი დაუთმოს.
კვლევით დადგინდა, რომ შერჩეული ბავშვებიდან მხოლოდ 5 პროცენტის რეჟიმი ესადაგებოდა რეკომენდაციებს. დანარჩენი ბავშვების 63% ეკრანებთან ყოველდღიურად 2 საათზე მეტს ატარებდა.
როგორც კვლევით გამოვლინდა, იმ ბავშვებმა, რომელთა რეჟიმიც რეკომენდაციებს სრულად ემთხვეოდა, ფიქრის, ენისა და მეხსიერების ტესტებს უკეთ გაართვეს თავი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევას არ დაუდგენია პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეკრანთან შემცირებულ დროსა და უკეთეს მენტალურ შესაძლებლობებს შორის, მკვლევრების თანახმად, ამ დროის შემცირება მაინც უკავშირდება მენტალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ის დადებით ზეგავლენას ახდენს. მათივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესაწავლად კიდევ რამდენიმე კვლევაა საჭირო.