ახალი ამბები

კანაფის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 2 თვით გადაიდო

8 ოქტომბერი, 2018 • 2756
კანაფის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 2 თვით გადაიდო

საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ორი თვით გადადო.

გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს. ჯანდაცვის კომიტეტს, თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიმართა, რომლის დასკვნაც კანონპროექტზე სავალდებულოა. კომიტეტი მიუთითებდა, რომ დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. შესაბამისად, წამყვან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომლის დასკვნაც უნდა ერთვოდეს კანონპროექტებს, კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის I მოსმენით განხილვის ვადა, რომელიც დღეს იწურებოდა, 2 თვით გაუგრძელდათ.

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნება სპეციალური სააგენტო, რომლის მიზანიც იქნება მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს საქართველოს მთავრობა ადგენს, ხოლო აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშწორების წესს, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო. ლიცენზია მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობებში (სავარაუდოდ, სათბურებში) იქნება დასაშვები შესაბამისი ლიცენზიით. გადამუშავებული მარიხუანის ან ამავე მცენარის შემცველი პროდუქტებიც ასევე დახურულ შენობა-ნაგებობაში უნდა ინახებოდეს.

მარიხუანის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართული იქნება მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგობებაში, რომლებიც დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქ-ხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტზე.

კანონპროექტი კრძალავს კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვას/დასაქმებას.

სამედიცინო მარიხუანის ბიზნესისთვის 10 ლიცენზია გაიცემა. კანონპროექტის მიხედვით, თითო ლიცენზია 25 ათასი ლარი ღირს. მაგალითად, მხოლოდ კანაფის თესლის/ნერგის იმპორტის ლიცენზია 25 ათასი ლარი ეღირება, ისევე როგორც სხვა ლიცენზიები.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

მასალების გადაბეჭდვის წესი