ახალი ამბები

აჯიკა, ტყემალი და სულგუნი – საჩუქრები აჭარის უმაღლესი საბჭოდან

14 აპრილი, 2014 • • 3040
აჯიკა, ტყემალი და სულგუნი – საჩუქრები აჭარის უმაღლესი საბჭოდან

2014 წლის 21 მარტს უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც შემდეგი პროდუქტები იყიდა – წითელი და მწვანე ტყემალი 3-3 ცალი (სავარაუდოდ, ბოთლი), აჯიკა – 6 ქილა, ლიმონი – 2, 6 კილოგრამი, გარდა ამისა – სულგუნი ყველი, ჩურჩხელა, თაფლის ჭაჭა. უმაღლესმა საბჭომ სასაჩუქრედ განკუთვნილი წითელი ტყემლის საყიდლად 7 ლარი და 20 თეთრი დახარჯა. იმდენივე თანხა დასჭირდათ დეპუტატებს მწვანე ტყემლის შესაძენად. ლიმონის საყიდლად 16 ლარი და 5 თეთრი დაუხარჯავთ, ხოლო აჯიკაში – 15 ლარის გადახდას აპირებენ.

 

ამ ტენდერის ფარგლებში, აჯიკასთან შედარებით, ცოტათი ძვირი სასაჩუქრე პროდუქციის ჩამონათვალიც გვხვდება – მაგალითად, უმაღლესი საბჭო 27 თავ სულგუნში 121 ლარსა და 50 თეთრს ხარჯავს, ხოლო 30 ცალ კახურ ჩურჩხელაში – 105 ლარს.

 

უმაღლეს საბჭოს ჩამოთვლილი პროდუქციის მიმწოდებელი უკვე შერჩეული ჰყავს – ტენდერში შპს “მანეჟმა” გაიმარჯვა. ხელშეკრულებას კომპანიის დირექტორი ვასილ ტროფიმოვი და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი რამაზ ბოლქვაძე აწერენ ხელს.

 

ღვინო

 

უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა 2014 წლის 5 მარტს გამოუცხადებია, ამჯერად ღვინოზე. ოთხი სახეობის – ალადასტური, კრახუნა, ოცხანური, რქაწითელი – თითო ბოთლ ღვინისთვის 141 ლარი აქვთ გამოყოფილი. ღვინოს მოწოდებაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს რამაზ ბოლქვაძეს ხელშეკრულება “მეღვინეობა ხარებასთან” აქვს გაფორმებული.

 

თაიგულები

 

21 მარტს უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა თაიგულების დამზადება-შესყიდვაზე. ყვავილებისთვის უმაღლეს საბჭოს, სავარაუდოდ, 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. საკანონმდებლო ორგანოს ამ ტენდერში გამარჯვებულიც ჰყავს და ის ინდმეწარმე მაყვალა სურმანიძეა.

 

ხელშეკრულებაში ერთი თაიგულისთვის კონკრეტული თანხა არ არის გათვალისწინებული, ფასი დამოკიდებულია მიღებული საქონლის რაოდენობისა და მომსახურებაზე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

რა მიზნით იყიდეს უმაღლეს საბჭოში 27 თავი სულგუნი ან სამ-სამი ბოთლი წითელი და მწვანე ტყემალი? უკვე დახარჯეს ეს შესყიდული საქონელი თუ არა? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას “ბათუმელები” უმაღლესი საბჭოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირისგან ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი