ახალი ამბები

პოლიციელებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს შსს ქუთაისსა და ზუგდიდშიც ააშენებს

7 ოქტომბერი, 2018 •
პოლიციელებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს შსს ქუთაისსა და ზუგდიდშიც ააშენებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისსა და ზუგდიდში სამინისტროს თანამშრომელთათვის ორ-ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. კორპუსების ასაშენებლად საჭირო საერთო სავარაუდო თანხა, ორთავე ტენდერის მიხედვით 13 მილიონ ლარზე მეტია.

ქუთაისში ორი კორპუსი ნიკეას ქ.N19-ში მდებარე, შსს-ს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება, ზუგდიდში კი – ბენდელიანის ქ.N35-ში. კორპუსების მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

„სახელშეკრულებო ღირებულების 1/3-ის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 2/3-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაიხდიან“, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროგრამა მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.

ტენდერები გამოცხადებულია ასევე ორ-ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე თბილისში, რუსთავსა და ბათუმში.

ხუთივე ქალაქში 10 კორპუსის ასაშენებლად სამინისტროს გათვლებით, სატენდერო თანხა, ჯამში, 34 მილიონზე მეტი ლარია.

ამავე თემაზე:

შსს პოლიციელებისთვის თბილისში, რუსთავსა და ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს

მთავარი ფოტო: ქუთაისში ასაშენებელი კორპუსები / შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი