ახალი ამბები

ცვლილებები ქუთაისის ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ

14 აპრილი, 2014 • • 1183
ცვლილებები ქუთაისის ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ

ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კონკრეტული სფეროებისთვის ჯამში 2 მილიონ 180 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: სპორტის სასახლის დაფინანსება 20 ათასი ლარით იზრდება, ბოტანიკური ბაღის დაფინანსება – 30 ათასი ლარით, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის დაფინანსება 10 – ათასი ლარით.


თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც. კერძოდ, გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ხარჯები 662 ათასი ლარით გაიზარდა. 998,3 ათასი ლარი გამოიყო ქალაქში ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობისთვის, ხოლო ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის დამატებით 249,7 ათასი ლარი გამოიყო. დამატებით 180 ათასი ლარი გამოიყო პროგრამა “კორპუსისთვის”, ხოლო შპს საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”-ის დაფინანსება 30 ათასი ლარით გაიზარდა.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა

 

კითხვაზე, თუ რატომ გახდა დაფინანსების გაზრდა საჭირო და საიდან გამოიყო ეს თანხები, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი პასუხობს, რომ 2 მილიონ 90 ათასი ქალაქს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოუყო, ხოლო 90 ათასი ადგილობრივი შემოსავლებია:

 

“მაგალითად, სპორტის სასახლეში გარკვეული მოწყობილობების დადგმა გახდა საჭირო, იმისათვის რომ ეფუნქციონირა ამას. ბოტანიკურ ბაღში საუბარია აუზის რეაბილიტაციაზე, რომელიც წყალს ღვრის და აქედან გამომდინარე მაღალი კომუნალური გადასახადები აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს კაპიტალურად გაკეთდება წყალი აღარ დაიღვრება და კომუნალური გადასახადებიც მოიკლებს. “

 

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ საქმე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, თუმცა,წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირეს იმ მოტივით, რომ ქალაქში რაღაც გაკეთდეს:

 

“იმდენად საცოდავი და უუნარო ხელისუფლებაა, რომ აქამდე ეყოთ ჩვენი დროიდან ინერციიით გადმოყოლილი პროექტები და რაღაცას წვალობდნენ და აკეთებდნენ. ახლა ეს ინერციაც შემცირდა და ბუნებრივია, გამოილია ის პროექტები და ვერაფერს აკეთებენ ღირებულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასაარჩევნო პიარია, ქუთაისური ეგოიზმიდან გამომდინარე, ჩვენი ფრაქციის წევრები ქუთაისელები ვართ, ჩვენ ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ, რომ რაღაც გაკეთდეს ქალაქში. პიარია, მაგრამ თვალი დავხუჭეთ ამაზე.”

 

მოქმედი კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ამ ვადის ათვლა ხვალ, 15 აპრილს იწყება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ამბობს, ცვლილებების დღეს არ დამტკიცების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე თვით გადაიდება:

 

“ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეტანა ბიუჯეტში ეს ცვლილება. ეს ცვლილებები კარგია, თუ ამას დღეს არ გავაკეთებდით, უნდა გაგვეკეთებინა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავამატეთ ფული და ამას ვინც არჩევნებს უკავშირებს ეს მისი პრობლემაა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო ის, რომ რაც თანხა იყო ბიუჯეტის სოციალურ სფეროში, ერთ თვეში ხარჯავდნენ ყველაფერს. ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არა ის, რომ ჩვენ ვიწყებთ პროექტს, რომელიც დაიწყება ახლა და შემოდგომამდე გაგრძელდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი