ახალი ამბები

პუტინის ნდობის რეიტინგი 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა – ლევადა ცენტრი

6 ოქტომბერი, 2018 • 2374
პუტინის ნდობის რეიტინგი 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა – ლევადა ცენტრი

რუსეთის მოქალაქეების ნდობა ვლადიმერ პუტინის მიმართ 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის შესახებ “ტელეგრაფი” იუწყება რუსეთში მოქმედ “ლევადა ცენტრზე” დაყრდნობით, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

პარასკევს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეთა მხოლოდ 58% ენდობა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 75%-ს შეადგენდა.

პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბლა 2012 წელს დაეცა, როცა მას ნდობას მოსახლეობის 51% უცხადებდა, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მისმა რეიტინგმა სწრაფად აიწია.

ვლადიმერ პუტინის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილება მას შემდეგ შეინიშნება, რაც მთავრობამ საზოგადოებას საკამათო საპენსიო რეფორმა გააცნო. კანონპროექტს პუტინმა ხელი ოთხშაბათს მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, კაცებს საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე, ქალებისა კი, 55-დან 60 წლამდე იწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 66 წელია, ქალებისა კი, 77. პროფკავშირები და ცვლილების სხვა მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ არაერთი ადამიანი აწეულ საპენსიო ასაკამდე ვერც კი მიაღწევს.

კანონპროექტი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებით, რუსეთის ქალაქებში პერმანენტული საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, რა დროსაც პოლიციამ ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დააკავა. დემონსტრანტთა შორის იყვნენ როგორც ასაკოვანი მოქალაქეები, ისე ახალგაზრდები, რომლებიც შიშობდნენ, რომ საპენსიო ასაკის აწევა მათთვის სამუშაოს პოვნას მეტად გაართულებს.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, პუტინს კანონპროექტისთვის, პრაქტიკულად, არ გადაუხედავს. ის დათმობაზე მხოლოდ ქალთა საპენსიო ასაკის შემთხვევაში წავიდა და თავდაპირველად დაგეგმილი საპენსიო ასაკი – 63 წელი – 60-მდე შეამცირა. პუტინი კანონს სიღარიბისა და ინფლაციის რისკების თავიდან არიდების გზად განიხილავდა.

საკამათო კანონი პუტინის რეიტინგზე, ჯერ კიდევ, გასულ თვეებში აისახა. “ლევადას” გამოკითხვით, აპრილში პუტინს 82% ენდობოდა, ივლისში კი მაჩვენებელი 67%-მდე დაეცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი