ახალი ამბები

არასამთავრობოები “ნაციონალური მოძრაობის” აქციის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

11 აპრილი, 2014 • • 816
არასამთავრობოები “ნაციონალური მოძრაობის” აქციის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა  და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ და ცივილიზებულ გარემოში ჩატარება ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, აცხადებენ ორგანიზაციები და თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 


ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ გაერთიანებებს უზრუნველჰყონ შიდაპარტიული დისციპლინა და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების სხვა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული შეხვედრაზე დასწრება კონტრაგიტაციის ორგანიზების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, ხოლო სამართლდამცავორგანოებს უზრუნველჰყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. 

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომ წინა წლების მსგავსად, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაცია და მოუწოდოს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არ შეაფერხონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებენ, რომ უზრუნველჰყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია, სახელწოდებით – “გაჩერებული საქართველო”, რომელიც 10 აპრილს, ერთდროულად, 13.30 საათზე უნდა გამართულიყო თბილისში, ბათუმში, თელავში, წყალტუბოსა და ანაკლიაში ჩაიშალა, რადგან ადგილზე მისულ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მოქალაქეები და “ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი