ახალი ამბები

ქალთა უფლებებზე სადისკუსიოდ პრეზიდენტობის მხოლოდ 2 კანდიდატი მივიდა

4 ოქტომბერი, 2018 •
ქალთა უფლებებზე სადისკუსიოდ პრეზიდენტობის მხოლოდ 2 კანდიდატი მივიდა

ქალთა პრობლემების მოგვარებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტობის მხოლოდ ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი – მივიდა. ღონისძიება დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა.

“ქალთა მოძრაობამ” კრიტერიუმად გამოიყენა IRI-ის ბოლო კვლევა და შეხვედრაზე ყველაზე რეიტინგული 5 პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიწვია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი დისკუსიაზე არ მივიდნენ.

“ქალთა მოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც თავდაპირველად დისკუსიაში მონაწილეობას გეგმავდა, გადაიფიქრა, ვინაიდან დისკუსიაში სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა. თავად ზურაბიშვილს არ აუხსნია “ქალთა მოძრაობისთვის” დისკუსიაზე უარის თქმის მიზეზი.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მივიდნენ ისინი ქალთა უფლებებზე სადისკუსიოდ. “ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შალვა ნათელაშვილი ამ დროს სწორედ ქალის უფლებების დასაცავად იყო ჩასული სოფელ ხურვალეთში, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის გამო ვერ შეძლო ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში შეხვედრებს მართავს.

“ქალთა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომ 4 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ შეხვედრაზე წარმოედგინათ ქალთა საკითხებზე საკუთარი პოლიტიკური პროგრამა.

https://www.facebook.com/notes/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-georgian-womens-movement/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/1763296013768165/

მასალების გადაბეჭდვის წესი