ახალი ამბები

ოქუაშვილი ამბობს, რომ მზადაა ჩვენების მისაცემად, მაგრამ არა – საქართველოში

4 ოქტომბერი, 2018 • 2898
ოქუაშვილი ამბობს, რომ მზადაა ჩვენების მისაცემად, მაგრამ არა – საქართველოში

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი პროკურატურამ გამოსაკითხად დღეისთვის, 4 ოქტომბრისთვის დაიბარა, თუმცა ოქუაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. როგორც ბიზნესმენის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, ოქუაშვილი მზად არის ჩვენების მისაცემად, მაგრამ არა – საქართველოს ტერიტორიაზე.

ფანცულაიას თქმით, ოქუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ის მზად არის, გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხოს ლონდონში, იქ, სადაც ამჟამად იმყოფება.

რამდენიმე კვირის წინ ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზოწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო,  “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ” ტელეკომპანია “იბერიის” დათმობა მოითხოვეს. “პრობლემებში” იგულისხმება “ომეგა ჯგუფის” დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც 50 მილიონს აჭარბებს.

ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს “რუსთავი 2″-ს მისცა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ 4 მილიონის გადახდა პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა. აღნიშნული თანხა კი მან “თი ბი სი ბანკიდან” გაიტანა. ხელისუფლების წარმომადგნელები ყველა ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ყველაფერი იმისთვის მოიფიქრა, რათა თავი აარიდოს ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 3 ოქტომბერს თქვა, რომ ყველა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც საუბარია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე, მან და ზაზა ოქუაშვილმა უცხოელი პარტნიორების მოსატყუებლად დადგეს და რეალურად, ზეწოლა არ ყოფილა.

ლევან ყიფიანის თქმით, ჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი