ცხინვალში გატაცებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს. ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ოთინაშვილის დაკავების საქმის თაობაზე მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროკავშირი მუშაობს და ფაქტების დადგენას ცდილობს, რათა ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაიჭრას:
მინისტრმა მოიწვია შეხვედრა, რომ გაეცნო ვითარება მაია ოთინაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მუშაობს. ვცდილობთ ფაქტები დავადგინოთ და რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ეს საკითხი,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის ელჩიც დაესწრო:
„ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და შეშფოთებული ვართ მომხდარით. მოვუწოდეთ მათ, ვისაც ეს ეხება, გაათავისუფლონ ქალბატონი მაია ოთინაშვილი, რათა დაუბრუნდეს ოჯახს,“ – განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.
იტალიის ელჩი კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ დელიკატურია და ამბობს, რომ პროცესის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება:
„მორიგი პრობლემატური ეპიზოდის მომსწრე გავხდით. ძალიან დელიკატური სიტუაციაა, დაკავებულია სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, ორშაბათს შეხვედრა გვექნება. დღის წესრიგში გაყინული კონფლიქტები იქნება. ეს საკითხიც შეიძლება წამოვწიოთ,“ – თქვა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:
ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალი ნაცემია