ახალი ამბები

ეროვნული ბანკის განცხადება ზაზა ოქუაშვილის ბრალდებაზე

3 ოქტომბერი, 2018 • 2751
ეროვნული ბანკის განცხადება ზაზა ოქუაშვილის ბრალდებაზე

საქართვლეოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ “თიბისი ბანკს” უცხოური ვალუტა ეროვნული ბანკისგან არ მიუღია. საუბარია იმ 4 მილიონი ლარის ეკვივალენტზე დოლარში, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, მის კომპანიას გამოსძალეს:

“თიბისი ბანკიდან თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები”, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში ასევე აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში, რომელიც  30 სექტემბერს “რუსთავი 2”-ს მისცა, აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა. ბიზნესმენი ინტერვიუში ასევე დეტალურად ყვება 4 მილიონის წართმევის ისტორიას.

ვრცლად რაზე ისაუბრა ზაზა ოქუაშვილმა წაიკითხეთ:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი