53-ე საჯარო სკოლაში გაფიცვა დღეს დილიდან განახლდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილი სასწავლო პროცესის გაგრძელებას იქამდე არ აპირებს, სანამ განათლების სამინისტრო გათავისუფლებულ დირექტორ მარიამ რამინაშვილს თანამდებობაზე არ აღადგენს.
გაფიცულები ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მშობლებს ურეკავენ უცსო პირები და სთხოვენ, რომ თავისი შვილები გაფიცვაზე არ გაუშვან. მოსწავლეებმა თქვეს, რომ 4 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა თავს არიდებენ იმ ადამიანების დასახელებისგან, ვისაც ეს შეემთხვა, მიზეზად მათივე უსაფრთხოებას ასახელებენ.

“შემოსულია ზარები რამდენიმე მშობელთან. ემუქრებიან, რომ არ გაუშვან მათი შვიოლები აქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ სამსახურიდან მოხსნით ემუქრებიან. გვარებს, რომელთაც ურეკავენ ვერ დავასახელებ,”- განაცხადა ნინო გელაშვილმა სკოლის მასწავლებელმა.
გაფიცულებს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. გიორგი გარსევნიაშვილმა, ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სახალხო დამცველთან 7 აპრილს შევიდა განცხადება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული საკითხის შესწავლას ითხოვდნენ.
გარსევანიშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეხვედრის დროს უთხრეს, რომ ზოგიერთ მშობელს დაურეკეს და მოსთხოვეს შვილები არ გაეშვათ აქციაზე, თუმცა არც მას გაუმხილეს დეტალები. გარსევანიშვილი ამბობს, რომ რადგან მან არ იცის თუ ვისგან განხორციელდა ზეწოლა იგი შემდგომ რეაგირებას ვერ მოახდენს.
11:30 საათზე გაფიცულებთან მივიდა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი გვანცა ფურცელაძე, რომელმაც თქვა, რომ გაფიცვა უნდა შეწყდეს, რადგან მას არ ეძლევა საგაკვეთილო პროცესის სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა მის გამოჩენას გაფიცული მოსწავლეების მხრიდან გაღიზიანება მოყვა.
“მე მგონი დროა რომ სასწავლო პროცესი აღდგეს და ბავშვებს მიეცეს თავისუფლება”,- ამ სიტყვებს გვანცა ფურცელაძე მოსწავლეების მხრიდან “წადი, წადის!”- სკანდირების დროს ამბობდა. მისი თქმით, მას სურდა მისი კლასის მოსწავლეები ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე ეზოში ჩამოეყვანა, თუმცა აქციის გამო ეს ვერ შეძლო.

მოსწავლეები და მასწავლებლები დღეს ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უნდა გაუგზავნონ. თუმცა, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ სამინისტროს არ აქვს არც სურვილი და არც უფლება, რომ გათავისუფებული მარიამ რამინაშვილი თანამდებობაზე აღადგინოს, ამის უფლება მოლოდ სასამაღტლოს აქვს.
ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ 53-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენები არის გარეშე პირების მიერ ინიცირებული, რომლებიც მოსწავლეებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ. მისი თქმით, წეოლა მიმდინარეობს იმ მასწავლებლებზე რომლებსაც სურთ გაკვეთლის ჩატარება და მათ სირხცვილის კორიდორს უწყობენ.
მინიტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტრო ცხელ ხაზზე შედის მშობლების ზარები, რომლებიც ითხოვენ სასწავლო პროცესის არდგენას. გიგაურმა მოუწოდა მასწავლებლებს, რომ განახლონ სასწავლო პროცესი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში გამოცხადდა 17 კლასი, რომელთაც გაკვეთილის ჩატარება სურდათ და მხოლოდ ნაწილმა მოახერხა სასწავლო პროცესის დაწყება.
ლია გიგაური ამბობს, რომ “სასწავლო პროცესის ჩაშლა არის დასჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით” და თუ გაფიცვა დიდხანს გაგრძელდება მაშინ პოლიცია ჩაერევა.
თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები 7 აპრილს იმის გამო გაიფიცნენ, რომ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის, მარიამ რამინაშვილის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში მრავალრიცხოვანი ფინანსური დარღვევები გამოვლინდა.
გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და, როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, სამუშაო 14 მარტს დაასრულა.

მარიამ რამინაშვილი სკოლის დირექტორად 53-ე საჯარო სკოლაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა. პედაგოგები ეჭვობენ, რომ მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მარიამ რამინაშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობა” იყო.

![53-ე სკოლაში აქციები გრძელდება, სამინისტრო პოლიციით იმუქრება [ვიდეო] 53-ე სკოლაში აქციები გრძელდება, სამინისტრო პოლიციით იმუქრება [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000023757.jpg)






