ახალი ამბები

ზაზა ოქუაშვილი ჩემთან ვალის არგადახდის წინადადებით მოვიდა – ფინანსთა მინისტრი

3 ოქტომბერი, 2018 • 1906
ზაზა ოქუაშვილი ჩემთან ვალის არგადახდის წინადადებით მოვიდა – ფინანსთა მინისტრი

“ყოველი მომდევნო ჩანაწერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს უფრო და უფრო აბსურდული თემაა. ჩემთვის ყველაფერი ცხადია და ომეგას საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალი აქვს გადასახდელი, უბრალოდ ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ”, – განაცხადა ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 3 ოქტომბერს.

მაჭავარიანმა ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“მათი დაჟინებული თხოვნის შედეგად ომეგას დამფუძნებელს (ზაზა ოქუაშვილი) შევხვდი. მისმა ცოლმა კი თქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. არადა, დიდი ხანი ჰქონდათ ჩემთან შეხვედრის მცდელობა და ბოლოს ამ ვალთან დაკავშირებით შევხვდი. შესაბამისად, იმდენს და ისე იტყუებიან, რომ ეს აბსურდის თეატრი საბოლოოდ იმდენად აბსურდული იქნება, რომ ყველას გაეღიმება და ომეგას ისტორია ამით დამთავრდება.
ოქუაშვილს როცა შევხვდი, მეგონა, რომ მისი მხრიდან ვალის შემცირების ან გრაფიკის შეთავაზება იქნებოდა, თუმცა ის ამაზე უარზე იყო. ბოლოს შეხვედრა შეხვედრისთვის გამოვიდა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

“ზაზა ოქუაშვილი ჩემთან ვალის არგადახდის წინადადებით მოვიდა. შეხვედრაზე ვალის რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა. ომეგა ჯგუფისთვის გრაფიკი, რაც შევთავაზეთ, ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე რესტრუქტურიზაცია. მათი შემოთავაზებული გრაფიკი მივიღეთ, თუმცა ეს გრაფიკი მათ არცერთი თვე არ შეასრულეს. მათი მხრიდან რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა აბსურდულია, კომისია რომც შეკრებილიყო, ომეგა რესტრუქტურიზაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ამავე თემაზე

რატომ დაუგროვდა “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – კომპანიის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი