ახალი ამბები

სალაძე არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ NGO-ებს საქმიანობა შეუზღუდოს

3 ოქტომბერი, 2018 • 2048
სალაძე არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ NGO-ებს საქმიანობა შეუზღუდოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტირებული პასუხები 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფიქსირებულ პრობლემებზე და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს.

სულხან სალაძე ხელისუფლებას ახსენებს, რომ სამოქალაქო სექტორის ბევრი შეფასება და განცხადება 2012 წლამდეც ემთხვეოდა მაშინდელი ოპოზიციის (რომელიც დღეს ხელისუფლებაშია) შეფასებებს, ამიტომ კობახიძის ბრალდებები ამ ნაწილში გაუგებარია.

“აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რომელი პოლიტიკური ძალის შეფასებას დაემთხვევა არასამთავრობო სექტორის პოზიცია. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად განსხვავდება მმართველი პოლიტიკური ძალისგან. ბევრ შემთხვევაში ასევე განსხვავდება სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან. ამიტომ ეს შეფასებები ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, ყველაფერი გადაიტანონ ერთ კონკრეტულ თემაზე, თითქოს არასამთავრობო სექტორის მიერ პრობლემებზე საუბარი პოლიტიკური ინტერესით არის გამოწვეული”, – უთხრა სალაძემ “ნეტგაზეთს”.

სალაძე ასევე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის კომენტარს, 13 არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიებად დარეგისტრირების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია და იმაში მდგომარეობს, რომ თეა წულუკიანის ადგილი არ არის მთავრობაში.

“სადაც კი მათ საშუალება ეძლევათ, მუდმივად ანგარიშსწორების რეჟიმში არიან და ცდილობენ, რომ სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ მინდა შევახსენო [მმართველ გუნდს], რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ხელისუფლება მოვიდა და წავიდა, სამოქალაქო სექტორი და ბევრი ორგანიზაცია კი, რომელსაც ისინი აკრიტიკებენ, მაშინაც იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება”, – აცხადებს სალაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო სექტორზე ხელისუფლების ვერბალურ შეტევას მომავალში პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვეს.

“ჩვენ ვიცით, რა რეგიონშიც ვცხოვრობთ. ვიცით, ამ ტიპის შეფასებების შემდეგ რისი ჯერი შეიძლება დადგეს. შემდგომ შეიძლება მოჰყვეს კანონმდებლობის ცვლილება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, მაგალითად, რეგისტრაციის გართულება და სხვა, რაც ბუნებრივად შეუქმნის პრობლემას სამოქალაქო სექტორს. თუკი მართლა თვლიან, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ატარებს, ხოლო ჩვენ მათი შეფასებების კვალდაკვალ პოზიციონირებას არ შევცვლით, შემდეგ, ალბათ, ერთადერთი ნაბიჯი რჩებათ, რომ შეცვალონ კანონმდებლობა და პრაქტიკულად გაუსაძლისი გახადონ ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის საქმიანობა. ეს უფრო იოლი შეიძლება იყოს მათთვის”, – განაცხადა სალაძემ.

საია-ს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ეს არის შესაძლო საფრთხე და არა ის, რომელიც  დღის წესრიგში დგას. ამასთან, აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გართულება, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი