ახალი ამბები

თამარ სანიკიძე: 53-ე სკოლის პედაგოგები მშობლებს აქციის მოწყობის თხოვნით ურეკავენ

10 აპრილი, 2014 •
თამარ სანიკიძე: 53-ე სკოლის პედაგოგები მშობლებს აქციის მოწყობის თხოვნით ურეკავენ

“ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ 53-ე სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას. სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია, შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ  პასუხისმგებლობას რაც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ მათ თხოვენ გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩებში, ესაა დაუშვებელი”, – განაცხადა სანიკიძემ მედიასთან საუბარში დღეს, 10 აპრილს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მინისტრის თქმით, ის ყველა სამართლებრივ ზომას გამოიყენებს, რათა 53-ე სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს და მოსწავლეები არ დაზარალდნენ.

 

მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, უკვე დაწყებული იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც 53-ე სკოლის გაფიცული პედაგოგები აცხადებენ, დღეს დილიდან სკოლაში მოსული იყო მინისტრის მიერ ახალი დანიშნული დირექტორი, ეკა გახარია, რომელიც მოსწავლეებმა სკოლაში არ შეუშვეს. 

 

სკოლასთან, აქციის მიმდინარეობის პარალელურად, ამჟამად სამართალდამცავებიც იმყოფებიან. 

 

პედაგოგების ინფორმაციით, ერთი გარკვეული სატელეფონო ნომრიდან [მათი განმარტებით, სავარაუდოდ, უშიშროების სამსახურიდან] ურეკავენ მოსწავლეების მშობლებს და აფრთხილებენ, რომ მათი შვილის აქციაში მონაწილეობის შემთხვევაში, ისინი [მშობლები] სამსახურს დაკარგავენ. 

 

თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები 7 აპრილს იმის გამო გაიფიცნენ, რომ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის, მარიამ რამინაშვილის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში მრავალრიცხოვანი ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

 

გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და, როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 

 

მარიამ რამინაშვილი სკოლის დირექტორად 53-ე საჯარო სკოლაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა. პედაგოგები ეჭვობენ, რომ მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მარიამ რამინაშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობა” იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი