ახალი ამბები

კობახიძე არასამთავრობოებზე: 13 კაცი და ქალია პოლიტიკური, მიკერძოებული შეხედულებით

2 ოქტომბერი, 2018 • 3846
კობახიძე არასამთავრობოებზე: 13 კაცი და ქალია პოლიტიკური, მიკერძოებული შეხედულებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

“საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება- არასამთავრობო სექტორი, ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც, არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს, ამაში ხომ ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-სამოქალაქო სექტორი არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება”. კობახიძემ განაცხადა, რომ “სიღრმეში შესვლა” არ უნდოდა.

“ისინი ადეიშვილის სისტემას ადარებენ დღევანდელ სისტემას”,- განაცხადა კობახიძემ და “უტიფრობა” უწოდა შეფასებას, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს.

NGO-ები განცხადებაში წერდნენ, რომ “ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას”.

ისინი, “შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე”, მოუწოდებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად და “არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს”.

ხელმომწერი ორგანიზაციები იყვნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი