ამის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა საბჭომ ახლახანს მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას. მათ სხდომაზე განაცხადეს, რომ უმაღლესმა საბჭომ ამ კენჭისყრით მაუწყებლის შესახებ კანონი დაარღვია. გიორგი კოხრეიძეს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის 13-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, პირველი რაუნდის დროს ამ პოზიციაზე წარდგენილი იყო გენო გელაძე, მაგრამ მაშინ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა. გენო გელაძე ახლაც იყო მაუწყებლის მეურვის პოზიციაზე წარსადგენთა შორის, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა აღარ განიხილა.
გენო გელაძე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს დადგენილების გასაჩივრებას აპირებს სასამართლოში. თუმცა მას ჯერჯერობით დადგენილებაზე ხელი არ მიუწვდება – უმაღლეს საბჭოში დადგენილების მიწოდებაზე მას უარი უთხრეს:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატის დასახელების ვადა გაუშვა შვიდ აპრილს. მას შემდეგ უმაღლეს საბჭოს აღარ ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ეს მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მე გუშინ დილით მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუკი უმაღლესი საბჭო მაინც შეიკრიბებოდა და მოახდენდა კანდიდატის წარდგენას, მე ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებდი, იმის მიუხედავად ვის წარადგენდა. ჩემი წარდგენის შემთხვევაშიც კი ვაპირებდი გასაჩივრებას და ეს მათ იცოდნენ, პირადად ვუთხარი. ახლა, როცა სხდომა შედგა დოკუმენტს არ გვაძლევენ, ჩვენი თანამშრომლები უმაღლესი საბჭოს შენობაშიც კი არ შეუშვეს. ფაქტია, კანონი დაირღვა. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას სასამართლო გააკეთებს”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 წევრიან სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი პირველი რაუნდის დროს აირჩია საქართველოს პარლამენტმა. დანარჩენი ხუთი ვაკანსიიდან ერთი კვოტა ეკუთვნის აჭარის არ უმაღლეს საბჭოს.
გიორგი კოხრეიძე 2005 წლიდან იყო ტელეკომპანია “202”-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2006-11 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” კონსულტანტი და 2011 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
