კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში მინიმუმ ერთი წევრი ქალი უნდა იყოს. ამის შესახებ ბანკების კორპორატიული მმართველობის კოდექსში წერია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 26 სექტემბერს დამტკიცდა.
სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია კომერციულ ბანკებში მმართველობის ძირითადი პრინციპები განისაზღვროს. ბანკებში კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელი გახდა სამეთვალყურეო საბჭო. კოდექსმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ფუნქციები შემდეგნაირად განსაზღვრა: ღირებულებების, ხედვის, მისიისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა. ასევე საბჭომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს ბანკის დირექტორის საქმიანობას.
“საბჭო საკუთარი ფუნქციების შესრულებისას, პირველ რიგში, უნდა ითვალისწინებდეს ბანკის, დეპოზიტარების, აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს”,- წერია ბრძანებაში.
ამ ფუნქციების გარდა, სამეთვალყრეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან მონიტორინგი განახორციელონ, რამდენად ასრულებს მათი ბანკი სებ-ის მიერ განსაზღვრულ საზედამხედველო მოთხოვნებს.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი არ არის და მათ რაოდენობას ძირითადად კომერციული ბანკის სიდიდეს განსაზღვრავს.