ახალი ამბები

53-ე სკოლასთან დირექტორის აღდგენის მთხოვნით აქციები გრძელდება

9 აპრილი, 2014 • • 1213
53-ე სკოლასთან დირექტორის აღდგენის მთხოვნით აქციები გრძელდება

როგორც სკოლის ერთ–ერთი თანამშრომელი აცხადებს, სასწავლო პროცესი ხვალაც არ განახლდება, თუმცა ამის თაობაზე მასწავლებლები დამატებით 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

აქციის მონაწილეები დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ეკა გვახარიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ:

“დირექტორის მოვალეობის შესრულება მე კანონმდებლობით მეკისრება და უნდა შევასრულო, მე მივედი სკოლაში, რომ დამეწყო ჩემი მოვალეობის შესეულება, მაგრამ ამის საშუალება ჯერეჯრობით არ მეძლევა”, – აცხადებს ეკა გახარია.

სკოლის მასწავლებლების თქმით, გუშინ გამართული შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან უშედეგოდ დასრულდა.

“შეხვედრა იყო დაძაბული, ჩვენ ქალბატონ თამარს ვთხოვეთ პირველი- უკან წაეღო, შეეცვალა თავისი ბრძანება, რაზეც ჩვენ მივიღეთ უარი. საუბრის მომენტში გაირკვა, რომ ქალბატონი თამარი დაეყრდნო იმ დასკვნას, რომელიც დადო გენერალურმა ინსპექციამ. ჩვენ ვკითხეთ ასეთი რამ, იზიარებდა თუ არა პასუხისმგებლობას ამ დასკვნასთან დაკავშირებით, მან გვითხრა, რომ ის პასუხისმგებლობას არ იზიარებს”, – აცხადენს ყოფილი დირექტორის მოადგილე შორენა გამყრელიძე.

თავად დირექტორის, მარიამ რამინაშვილის განცხადებით, ის სასამართლოს მიმართავს და სარჩელი სავარაუდოდ ორი მიმართულებით მომზადდება:

“სარჩელში იქნება ალბათ ორი მიმართლება- ერთი ის, რომ აღნიშნული დასკვნა არ არის სწორი და არ ეყრდნობა იმ დოკუმენტაციას, რომელიც არსებობდა, და მეორე- აღნიშნული დასკვნები არ იყო გათავისუფლების საფუძველი”, – აცხადებს დირექტორი.

რესურსცენტრში აცხადებენ, რომ გაფიცვა, რომელიც 53–ე სკოლაში მიმდინარეობს, ბავშვების ინტერესებს აზიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი