ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას წარადგენს მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად

9 აპრილი, 2014 •
აჭარის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას წარადგენს მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად

რიგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პირად საუბარში ადასტურებენ, ამ პოზიციაზე, სავარაუდოდ, გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას წარადგენენ. არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარის რეგიონის დეპუტატებს ამ არჩევანის გაკეთება არ სურდათ, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნას დამორჩილდნენ. პირველ რაუნდში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს, თუმცა უმრავლესობამ ამ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

 

გიორგი კოხრეიძე 2005 წლიდან იყო ტელეკომპანია “202”-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2006-11 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” კონსულტანტი და 2011 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.

 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ 2014 წლის 4 აპრილს შეარჩია მეურვეობის კანდიდატები.

 

მაუწყებლობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად“, საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“. შესაბამისად 5, 6, 7 აპრილი იყო ამ საკითხებზე უმაღლეს საბჭოში სესიის მოწვევის პერიოდი. ამის მიუხედავად უმაღლესი საბჭო, ისე როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, თავიანთი კანდიდატურების წარდგენას 8 აპრილს ცდილობდა. პარლამენტარებმა შაერჩიეს კიდეც კანდიდატურები, მაგრამ მათი ვინაობა არ გაასაჯაროვეს.

 

უმაღლესმა საბჭომ კი თავისი კანდიდატურა კვორუმის არარსებობის გამო ვერ წარადგინა. გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმაღლესმა საბჭომ თავის ფეისბუქგვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:

 

“სხდომას, რომელზეც კანონმდებლებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ფარული კენჭისყრით უნდა აერჩიათ, საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ 10 დეპუტატი ესწრებოდა. ფრაქციების – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” წევრები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, არც სხდომას დაესწრნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი რეგისტრაცია გამოაცხადა, თუმცა შედეგები კვლავ უცვლელი დარჩა. ამდენად, კვორუმის უქონლობის გამო რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაიშალა”.

 

უმაღლეს საბჭოში უმცირესობას მხოლოდ 8 დეპუტატი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინდელ სხდომას არც უმრავლესობა ესწრებოდა სრულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი