ახალი ამბები

უმრავლესობის წევრებმა GPB–ს მეურვეობის კანდიდატები შეარჩიეს, თუმცა ვინაობას არ ამხელენ

8 აპრილი, 2014 •
უმრავლესობის წევრებმა GPB–ს მეურვეობის კანდიდატები შეარჩიეს, თუმცა ვინაობას არ ამხელენ

“ჩვენ შევჯერდით უმრავლესობის მიერ წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მე არ ვარ უფლებამოსილი მათი გვარები გითხრათ, თუმცა შეთანხმება მიღწეულია, თუ მანამდე არ გვყავდა და ვერ შევთანხმდით, რომ წარგვედგინა, ახლა ჩვენ გვეყოლება წარდგენილი კანდიდატები. რა მოხდება კენჭისყრის დროს და ვინ ვის დაუჭერს მხარს, არ ვიცი, რასაკვირველია, მაგრამ წარდგენა უმრავლესობიდან, ჩვენი ორი კვოტის ათვისება, რომელიც არის გამოყოფილი, მოხდება”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ. ინფორმაცია კანდიდატთა შერჩევის თაობაზე დაგვიდასტურა უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმაც:

 

“ვინაობას ვერ გეტყვით, ოფიციალურად წარვადგენთ და გაიგებთ, წინასწარ არ შეიძლება, წესია ასეთი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

რაც შეეხება უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტატებს, მათ კანდიდატები უკვე წარადგინეს:

 

ჩვენ ისევ წარვადგინეთ ნინია კაკაბაძე, ვინაიდან ხელმოწერები გვქონდა და დავადასტურეთ და წარვადგინეთ დავით კიზირია, ილიაუნის პროფესორი, მე წინაზე მქონდა ხელი მოწერილი, დანარჩენებმა მოაწერეს და უკვე წარვადგინეთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.


რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანდიდატს, მისი ვინაობა კვლავ უცნობია, ვინაიდან საბჭოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა:


სხდომას, რომელზეც კანონმდებლებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ფარული კენჭისყრით უნდა აერჩიათ, საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ 10 დეპუტატი ესწრებოდა. ფრაქციების – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” წევრები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, არც სხდომას დაესწრნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი რეგისტრაცია გამოაცხადა, თუმცა შედეგები კვლავ უცვლელი დარჩა. ამდენად, კვორუმის უქონლობის გამო რიგგარეშე პლენარული სხდომა ჩაიშალა”, – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ თუ საბჭო ვადის გასვლამდე კანდიდატს არ დაასახელებს, ხელახალი კონკურსი გამოცხადდება:


“თუ ვადაში არ მოხერხდა კანდიდატების დასახელება, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით იმ წრეზე მივდივართ, რა წრეც უკვე გავიარეთ წინა ჯერზე. მეორე ეტაპზე კიდევ აქვთ დრო, რომ მეორე ტურის დასახელების ვადა გამოიყენონ, მაგრამ ეს სცადეს ნაციონალებმა წინა ჯერზე და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა არ გასულა, რადგან არ ყოფილა პირველივე ჯერზე დასახელებული, გამოდის, რომ ვერ გამოიყენეს კვოტა და ვერ დაასახელეს ან არ დაასახელეს კანდიდატურა, ანუ კანდიდატი არ ეყოლებათ და ხელახალი კონკურსი გამოცხადდება, მაგრამ შესაძლოა აჭარამ მაინც დაასახელოს, ჯერ დრო აქვთ. ამიტომ, მგონი, ხვალინდელი შეფასებები უფრო რელევანტური იქნება”, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსი მეორედ 11 მარტს გამოცხადდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე, ესენი არიან ნათელა სახოკია, ქეთევან მსხილაძე, ლელა გაფრინდაშვილი და მარინე მუსხელიშვილი.

 

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი