ახალი ამბები

ოქუაშვილს გვერდით უნდა დავუდგეთ, თუმცა გმირად ვერ გამოცხადდება — უგულავა

2 ოქტომბერი, 2018 • 2216
ოქუაშვილს გვერდით უნდა დავუდგეთ, თუმცა გმირად ვერ გამოცხადდება — უგულავა

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუკი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი “სისტემის დაშლაში მიიღებს მონაწილეობას, მას გვერდით უნდა დაუდგნენ, თუმცა ის გმირად ვერ გამოცხადდება”.

უგულავამ აღნიშნული განცხადება 1 ოქტომბერს გააკეთა რუსთავი2-ის გადაცემა “არჩევანში” გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში.

“მთლიანად ფარულ ჩანაწერზე ააგო “ქართულმა ოცნებამ” თავისი კამპანია 2012-ში და მერეც. არც ოქუაშვილი უარყოფს ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს არის ჩვეულებრივად ოქუაშვილის მიერ ჩაწერილი მასალები”,- აცხადებს უგულავა.

“მინდა, ცხადად ვთქვა: ვერასდროს გავიზიარებ იმ აზრს, რომ ან ოქუაშვილი, ან თავის დროზე ბედუკაზე იყვნენ გმირები. არა. ეს ხალხი არიან “ვისთლბლოუერები”, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ამხილეს სისტემა. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ოქუაშვილის გვერდზე უნდა ვიდგეთ და დავიცვათ, რადგან ის არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ ოქუაშვილის რეპუტაცია ძალიან მძიმეა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. კვირაია, კახა თარგამაძე, ასლან აბაშიძე, ბოლოს ივანიშვილთან ერთად ფულს აკეთებდა. მაგრამ ეს არის ერთი სიმართლე, რომლის ერთადერთ სიმართლედ გასაღებას ცდილობს “ქართული ოცნება”.

უგულავა აგრძელებს: “მეორე სიმართლეს გვიხატავენ, თითქოს ეს არის გმირი, კერკეტი კაკალი. არა, ეს არ არის გმირი. ეს არის ამ სისტემის ადამიანი, რომელიც ამათთან ერთად აკეთებდა ფულს, ვერ დალაგდა, წამოვიდა. წამოვიდა და ძალიან კარგი ქნა და საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება ახლა იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მანკიერი სისტემა … დავშალოთ და თუ ოქუაშვილი მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მას გვერდზე უნდა დავუდგეთ. მაგრამ არასდროს არ უნდა გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანები გმირად იმიტომ, რომ გმირი არის ანწუხელიძე, გმირის არის გრიგოლ ფერაძე და არა ის ადამიანები, რომლებიც სისტემაში იყვნენ და შემდეგ გამოიქცნენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი